თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა”. ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი - თიბისი იყო.
50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი.
უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.
„ორივე კომპანია: ,,ელექტრაფეი’’ – საგადახდო სერვისების პროვაიდერი და ,,კოინმანია’’– ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველს ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე - ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნებით“, - თათული ქოჩაკიძე.
ბიზნესკონფერენცია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია „ვეზირისთვის“, რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.
„გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელთან. ‘’ვეზირი’’ ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ჩვენ მიერ არის უზრუნველყოფილი. ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, -დავით ანთაძე.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, „კონსიერჟ თბილისი“ პრემიალურ სეგმენტს ყველა „დახურული კარის“ გაღებას ჰპირდება.
„ჩვენ ვქმნით გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალს და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში, ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა, რომ არ უყვართ ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი დიდი გამოცდილებით და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე“, -ნინო სხირტლაძე.
კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ ეწვია ტაშკენტს „ანოვას“ გუნდი.
“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. „ანოვას“ პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალი გახსნილი და ბევრი თავისუფალი ნიშაა.სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება“, - ხათუნა მაღლაკელიძე.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
21.10.2025.15:08
ზოგჯერ ცხოვრების გზა მოულოდნელად იცვლის მიმართულებას, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ და შინაგან ხმას ვენდობით. ნესტან მამაცაშვილისა და „რინგოვეტის“ ამბავიც სწორედ ასეთია. ეს არის ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიდი სიყვარულით დაწყებული იდეა სოციალურად ღირებულ ბიზნესად იქცეს.
ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა - ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.
კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდე
ნესტანის სურვილი, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, იმდენად დიდი იყო, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.
„ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა.“
სწორედ ეს ჟინი გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად.
„მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიურად ურთულესი რამაა”, - ამბობს ნესტანი.
იგი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. „რინგოვეტმა“ კი სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა.
„რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია.“
ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი. ხოლო ის, რამაც ნესტანის ყოველდღიურობა გარდაქმნა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.