თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.
დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს, Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.
„რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.
ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’ შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.
„ორივე ბრენდი თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი, ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.
„ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.
კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
„მეველე“ ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანისთვის და ექსპორტზე გასვლისთვის ემზადება
15.12.2025.16:00
მცენარეული ჩაისა და ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი „მეველე“, რომელიც ბაზარზე დაახლოებით 5 წლის წინ გამოჩნდა, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა და მთავარმა ტექნოლოგმა ამირან გელაშვილმა განაცხადა, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ბრენდიც ცდილობს, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნატურალურ პროდუქტებთან ერთად გარკვეული სიახლეებიც შესთავაზოს.
„მეველეს“ 2026 წლის გეგმებში ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანა და ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჩაი არის სასარგებლო და გამაჯანსაღებელი, არსებობს ჩაის პრაქტიკაში ფერმენტირებული ჩაის წარმოება. ფერმენტაცია არის უძველესი ტრადიცია. თავიდან ადამიანებმა ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენეს, რომ რაღაც პროდუქტი უფრო ხანგრძლივი ვადით შეენახათ. ვინაიდან ის ასრულებს ბუნებრივი კონცენტრატის როლს, ფერმენტაციის დროს იქმნება ძალიან სასარგებლო ფერმენტი, რომელიც კუჭისთვის და ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. ამიტომაც ვფიქრობ ფერმენტირებული ჩაის დამზადებას, რომელიც იქნება კიდევ უფრო სასარგებლო. მინდა, რომ ეს ხაზი უფრო გავზარდო.
ასევე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტზე და აქტიურად ვმუშაობ ყველა დოკუმენტის, სერტიფიკატის სრულყოფაზე,“ - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთში, გერმანიაში და ავსტრიაში.
„ჩვენ ვართ მცენარეული ჩაის წარმოება. საუბარია არა კლასიკური ჩაის წარმოებაზე - ეს არის გამაჯანსაღებელი ჩაი. მცენარეების ბაზაზე ჩვენ ვამზადებთ თავის მოვლის საშუალებებს: ხელის კრემებს, სარეკლამო მალამოებს, თმის ზეთებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაწარმოებთ ბორჯომში. დაახლოებით 5 წელია, რაც ამ საქმიანობით ვართ დაკავებული.
ჩვენი წარმოების მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ ეს არ არის ინდუსტრიული, არამედ მცირე წარმოება. რაც იმას ნიშნავს, რომ გვყავს პატარა გუნდი და მთებში - განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მთებში - ვახდენთ ამ მცენარეების შეგროვებას. შეგროვება ხდება სუფთა ადგილებში, სადაც დაბინძურება არ არის, და მხოლოდ ამ ნედლეულის ბაზაზე ვაკეთებთ ჩვენს პროდუქტებს. მთავარი ისაა, რომ ამ ნედლეულს არავისგან არ ვიძენთ და ამიტომაც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.
ჩვენი პროდუქტები იყიდება ძირითადად საქართველოში. მცირე პარტიებით გაგვიგზავნია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ოფიციალური პარტნიორი ჯერჯერობით არ გვყავს. საქართველოში ჩვენი ჩაი იყიდება „წისქვილი ბაზრის“ სუპერმარკეტებში და ისეთ სივრცეებში, სადაც არის მაღალი, შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქცია - კონცეპტუალური სივრცეები, რომლებიც ძირითადად ეძებენ ხელნაკეთ და ხარისხიან პროდუქტებს.
ჩვენ გვაქვს 10–15 სახეობის მცენარე სეზონურობის მიხედვით - ზოგადად მსგავსი წარმოება ყოველთვის სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამ მცენარეებიდან ვამზადებთ გამაჯანსაღებელ პროდუქციას. ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ტრადიციაა, ისევე როგორც მეღვინეობა, მეფუტკრეობა, პურის მარცვალი და ასე შემდეგ.
პირველი წლები ექსპერიმენტების იყო. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს მიმართულებაში. მოთხოვნის კუთხით ყოველწლიურად 15–20%-იანი ზრდა გვაქვს. მე პირადად მაქვს ასეთი სტრატეგია - ჩვენს პროდუქტებს რაოდენობაზე გათვლით არ ვაწარმოებთ. მეტის წარმოებაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც წარმოება რაოდენობაზე გადადის, ხარისხი იკარგება. ამ ყველაფრის ხელით შეგროვება რთულია: შორს მივდივართ მთებში და იმავე დღეს უნდა მოხდეს მცენარის ჩამოტანა და გადამუშავება, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ხარისხი და მისი სასარგებლო თვისებები. მე დიდი რაოდენობაზე გათვლა არ მაქვს - გათვლა მაქვს ხარისხზე.
ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა დიდ კომპანიებთან. მაგალითად გეტყვით, რომ წელს „აჭარა ჯგუფს“ გავუკეთეთ ჩაი - საკმაოდ დიდი რაოდენობით. როგორც იცით, არსებობს „უდაბნო შოპი“, რომელიც არის უდაბნოს მეურნეობიდან, კახეთში მდებარე სივრცე, და იქ არის ძალიან ბევრი მცენარე, გამაჯანსაღებელი. მიგვიწვიეს, რომ გაგვეკეთებინა პროექტი. გავუკეთეთ დიდი რაოდენობით გამაჯანსაღებელი ჩაი, რომელიც „უდაბნო შოპში“ მათი ბრენდინგით და ჩემი ტექნოლოგიით შევქმენით.
კოსმეტიკის ხაზით ჩვენ ვიყიდებით თბილისში რამდენიმე მაღაზიაში, სადაც ძირითადად ნატურალური კოსმეტიკა იყიდება. საუბარია ხარისხიან და ლიმიტირებულ პროდუქციაზე. ასევე იყიდება იოგას სტუდიოებში და მსგავს გამაჯანსაღებელ სპორტულ სივრცეებში. კოსმეტიკის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს: ხელის კრემი, ცივი დაწურვის ზეთები, ფუტკრის ცვილი, ფიჭვის მალამო, როზმარინის თმის ზეთი, სახის ზეთი (ე.წ. სერუმი), გვირილის ზეთი,“ - აცხადებს „მეველეს“ დამფუძნებელი ამირან გელაშვილი.