„უმალმა“ ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო
თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია საქართველოში უმალი • Umali წარმოებას აფართოვებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ განაცხადა, კომპანიამ ნახევარფაბრიკატების წარმოება უკვე დაიწყო და პირველი პროდუქციც უკვე შესთავაზა ბაზარს.
„უმალმა“ უკვე დაიწყო ნახევარფაბრიკატების წარმოება. პირველი პროდუქტი, რაც ბაზარზე გამოვიტანეთ, არის თევზის ბურგერი. ბურგერი უკვე შევიტანეთ „ჯიბეს“ ქსელში. ვაკვირდებით, როგორ მიიღებს მომხმარებელი. თევზის ბურგერის შემდეგ განიხილება თევზის ტოლმის წარმოება და ასევე თევზის ხინკალი. რეალურად, თევზის ხინკალი ადრეც გვქონდა, უბრალოდ მოხდება წარმოების განახლება“, - განმარტავს „უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ცნობილია, კომპანიამ ნახევარფაბრიკატების წარმოებისთვის სპეციალური დანადგარები შეიძინა, რომელთა მთლიანი მონტაჟი საწარმოში რამდენიმე კვირაში დასრულდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - „უმალი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს.
„უმალი“ საქართველოში ზღვის პროდუქტების პირველი საწარმოა, რომელიც ფლობს ISO და GOLDEN BRAND სერტიფიკატებს. 2018 წელს „უმალი“ გახდა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ნომერ პირველი ოქროს ბრენდი Golden Brand Awards-ზე. გარდა ამისა, კომპანიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო ISO 22000:2005 სერტიფიკაციის აუდიტი სურსათის უვნებლობის მართვის მიმართულებით - გერმანული TUV SUD-ის მხრიდან, DAkkS-ის აკრედიტაციით.
„უმალის“ პროდუქცია მოიცავს: შებოლილ, ხმელ, დამარინადებულ თევზს; გაყინულ ნახევრად მზა პროდუქტს; დაკონსერვებულ თევზეულსა და ხიზილალას.
სხვა სიახლეები
"გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია
07.04.2026.16:00
Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.
როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?
ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.
ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.
ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.
ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?
ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?
ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.
თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.
რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?
ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.