თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმელის აკრძალვის საკითხს ეხმაურება
თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმელის აკრძალვის საკითხს ეხმაურება.
"მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ.
ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი.
მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას - თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე.
ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ პეტს - პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ გვაქვს დრო. იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება - მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება:
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.
სხვა სიახლეები
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი
16.04.2026.15:40
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.
სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება
ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი
STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.
საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge