Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„დეილი ჯგუფმა“ და Tempo Beverages Ltd-მა (ტემპო ჯგუფი) წარმატებით დაასრულეს სტრატეგიული მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც „ტემპო ჯგუფი“ ქართული ლუდის კომპანიის („ზედაზენი“) 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.
Tempo Beverages Ltd. (ტემპო ჯგუფი) ლუდისა და სასმელების მწარმოებელი და სადისტრიბუციო წამყვანი კომპანიაა, რომელიც 1954 წლიდან საქმიანობს ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორთა შორისაა ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი – Heineken, რომელიც, თავის მხრივ, „ტემპო ჯგუფის“ 40%-იან წილს ფლობს.
შესაბამისად, „ტემპო ჯგუფის“ ინვესტიციით, არაპირდაპირ, „ჰაინეკენიც“ „ზედაზენის“ მეწილე ხდება.
კახაბერ კოტრიკაძე, სს ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი:
„ტემპო ჯგუფის“ ინვესტიცია არა მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ბაზრის საინვესტიციო პოტენციალს, არამედ ქართული ეკონომიკის გლობალურ ბიზნესქსელებში ინტეგრაციის თვალსაჩინო მაგალითია.
„ზედაზენში“ „ტემპო ჯგუფისა“ და „ჰაინეკენის“ გამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის ინტეგრაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას ქართულ საწარმოში. მათთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც ქართულ პროდუქციაზე ნდობისა და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას“.
Daniel Beer, ,,ტემპო ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი
„ჩვენი მიზანია, რომ Tempo Beverages-ის გლობალური ქსელის, ტექნოლოგიური კომპეტენციისა და მარკეტინგული ექსპერტიზის გამოყენებით გავაძლიეროთ „ზედაზენის“ ლიდერობა შიდა ბაზარზე, დავნერგოთ ინოვაციური პროდუქტის ხაზები და განვავითაროთ ექსპორტის შესაძლებლობები. ამ პარტნიორობით ვხედავთ შესაძლებლობას, რომ „ზედაზენი“ იქცეს რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასმელების მწარმოებლად, რომელიც წარმატებით გავა საერთაშორისო ბაზრებზე და ამავე დროს შეინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ტრადიციასა და ადგილობრივ ღირებულებებს“.
გარიგების დასრულება სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. მხარეები ინვესტიციების ახალ ტალღას გეგმავენ, რომელიც მოიცავს პროდუქციის განვითარებას, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვას, რაც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე.
სხვა სიახლეები
05.09.2025.21:00
მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ამირან მამუჭაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.