„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-თან Bandag-ის მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობას მოაწერა ხელი
„თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. კავკასიის რეგიონში პირველად Bandag-ის ქარხანას ქართული კომპანია ექსკლუზიურად ააშენებს, სადაც სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების საბურავებს უახლესი ტექნოლოგიით განაახლებენ. Bandag-ი Bridgestone-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ხელახალი გამოყენებისათვის, საერთაშორისო მასშტაბით, ყოველწლიურად მილიონობით საბურავს აწარმოებს.
„თეგეტა მოტორსსა“და მსოფლიო ბრენდს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოეწერა თბილისში, კომპანიის მულტიფუნქციურ სერვისცენტრში. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ Bridgestone-ის წარმომადგენლები, მათ შორის Bridgestone Core Tyre Business Africa & Middle East-ის პრეზიდენტი ჟაკ ფურიე.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსსა“ და Bridgestone-ის 27-წლიანი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის და მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ.
ხანგრძლივი თანამშრომლობის პერიოდში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა მკვეთრად გაფართოვდა და დღეისათვის უკვე იაპონური ბრენდის რეგიონული დისტრიბუტორები ვართ. ბაზრისა და სამოქმედო არეალის ზრდამ კი ახალი ნაბიჯები და განვითარება მოითხოვა. Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ორი ბრენდის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა, რომელიც მდგრად განვითარებასა და ინოვაციას ემყარება.
პირველ ეტაპზე რეგიონულ დონეზე 5 000-მდე საბურავის წარმოებას ვგეგმავთ. მომდევნო ხუთი წლის ჭრილში ეს ციფრი გაორმაგდება. შედეგად, პირველ რიგში, გარემოზე ზემოქმედებას და, ამასთან ერთად, ჩვენი კორპორაციული მომხმარებლების ხარჯებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ“.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 აშშ დოლარია. საწყის ეტაპზე „თეგეტა მოტორსი“ ყველა ტიპის სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის განკუთვნილი საბურავების განახლებას გეგმავს. პროცესი სრულად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება, რაც იძლევა გარანტიას, რომ განახლებული საბურავი იმავე ფუნქციის იქნება, როგორიც ახალი. ხელახალი გამოყენებისათვის წარმოებული საბურავების ექსპორტს ჰოლდინგი სომხეთსა და აზერბაიჯანში აპირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოყენებული საბურავის კარკასი აბსოლუტურად იმავე მასალებით იფარება, რომლებითაც ახალია წარმოებული. ერთეულ საბურავზე ღირებულება, ახალთან შედარებით, 30-40%-ით მცირდება, ექსპლუატაციის ვადა კი 5 წელია.
Bandag-ის ქარხნის მშენებლობა ქალაქ რუსთავში მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. ობიექტის მშენებლობას Bridgestone-ისა და Bandag-ის წარმომადგენლები ინტენსიურ მონიტორინგს გაუწევენ. ქარხანა Bandag-ის უახლესი ევროპული და ამერიკული მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება.
უკვე გაწერილია პროცესი წარმოების დაწყებამდეც - იაპონური ბრენდის გამოცდილი სპეციალისტები ქართველ პერსონალს საგანგებოდ გადაამზადებენ. უშუალოდ ქარხნის ამოქმედების შემდეგ კი ობიექტისა და თანამშრომლების მუშაობას Bandag-ის წარმომადგენლები, მინიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

ქარხანაში საბურავების გადაკვრის ფართოდ გავრცელებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ. მეორადი საბურავის კარკასის ვარგისობა სპეციალური აპარატით, ე.წ. შეაროგრაფით შემოწმდება. ეს არის უმაღლესი კატეგორიის დანადგარი, რომელიც, რეგიონის ფარგლებში, მხოლოდ რუსთავში Bandag-ის ქარხანას ექნება. სკანირების შემდეგი ეტაპი ნარჩენი პროტექტორის მოშორებაა, რასაც ახალი, მაღალი ხარისხის მასალა ცვლის.
„თეგეტა მოტორსში“ განმარტავენ, რომ გადაკრული საბურავის გამოყენების შემთხვევაში ფასი ერთ კილომეტრზე მკვეთრად დაბალია, თუმცა სატრანსპორტო საშუალება ზუსტად იმდენივე მანძილის დაფარვას შეძლებს, რამდენსაც ახალი საბურავით გაივლიდა.
ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ხაზგასასმელია გარემოსდაცვითი ფაქტორი. Bandag-ის ტექნოლოგიით საბურავების ხელახალი წარმოებისას ნაკლები ნედლეული და ენერგიაა საჭირო. ამასთანავე, საბურავის რამდენიმე ციკლით გამოყენება ამცირებს ნარჩენებისა და ნახშირბადის კვალის მოცულობას და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებას უწყობს ხელს.
ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე გადაწყვეტილებები „თეგეტა მოტორსის“ პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც კომპანია წლიდან წლამდე აფართოებს და ახალ ინდუსტრიულ კულტურას ქმნის. სამომავლოდ იგეგმება საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაც, რაც საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვასა და ნარჩენების მინიმალიზაციას უზრუნველყოფს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
„შოკოჰოლიკმა“ საახალწლო შეკვეთების მიღება დაიწყო და ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა
20.11.2025.16:00
არტიზანული შოკოლადის საწარმო Chocoholic - შოკოჰოლიკმა, რომელიც 6 სახეობის ნუგასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს აწარმოებს, საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, სეზონურობის გათვალისწინებით საახალწლოდ „შოკოჰოლიკმა“ ასორტიმენტს შტოლენი დაამატა. „ნუგებთან დაკავშირებით ასორტიმენტი იგივე გვაქვს და ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა სახეობის ნუგა გვაქვს. რაც შეეხება შოკოლადებს - ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლების გემოვნებას და შოკოლადს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე ვამზადებთ. ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს. დამატებით პროდუქტებში კი ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონურობას. მაგალითად, სააღდგომოდ გვაქვს პასკა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - შტოლენი. წელს პირველად ავიღეთ შტოლენზე შეკვეთები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და წლევანდელი შტოლენი, სხვა შოკოლატერიებისა და საცხობებისგან განსხვავებით, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნარჩევი ინგრედიენტებით. ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე, ამიტომაც რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია,“ - განმარტავს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
„შოკოჰოლიკის“ საახალწლო შეთავაზება საახალწლო თემატიკით მორთულ ბოქსებს მოიცავს.
„საახალწლოდ ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები. კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს ვუგზავნით პრეზენტაციებს, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და დასურათებული. გვაქვს საახალწლო თემატიკის ნუგების ბოქსები. თავად ფილები ძალიან პრეზენტაბელური და ლამაზია. საახალწლო სიახლეა ასევე შტოლენიც, რომელიც ისეთი უნდა იყოს, რომ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდეს,“ - ამბობს თეა ედიშერაშვილი.
„შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი შეკვეთების კუთხით გასული წლისგან განსხვავებული იქნება და კომპანია მეტ შეკვეთას მიიღებს.
„შარშანდელი წინასაახალწლო პერიოდი ქვეყანაში აქციების პერიოდს დაემთხვა და პრაქტიკულად 2024 წლის სეზონი ჩავარდა. ჩავარდა კორპორატიული შეკვეთებიც, რადგან სამსახურებში კორპორატიული წვეულებები გაუქმდა. წელს, წინასაახალწლო პერიოდის შესაფასებლად ჯერ ადრეა და სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2025 წლის სეზონი გასულის მსგავსი არ იქნება და უფრო მეტი შეკვეთა შემოვა,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „სმარტის“ ფილიალებში.
„ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგ კომპანიასთან. მცირე მეწარმეებსა და დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ხშირად დამოკიდებულია მარჟასა და პროცენტებზე, და ამ მხრივ ძალიან გვჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, და ამ შემთხვევაში ბევრ ჩვენნაირ მცირე ბიზნესს წარმოვადგენ. საჭიროა არსებობდეს სტანდარტი, რომ ყველა კომპანიასთან ერთიდაიგივე მიდგომა არ ჰქონდეთ და გარკვეული შეღავათები იყოს. სამწუხაროდ, ეს შეღავათები არ არის. „სმარტს“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობით დავიწყეთ თანამშრომლობა და დღემდე ასე გრძელდება. კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „სმარტს“ და უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება პატარა მეწარმეებს,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადის და ზოგადად სხვადასხვა ინგრედიენტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა „შოკოჰოლიკმა“ მოახერხა, რომ ფასები დღემდე შენარჩუნებული აქვს.
„პროდუქცია არ გაგვიძვირებია. თუმცა ეს თავად კომპანიისთვის მძიმეა, რადგან კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 200%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად შოკოლადის ნაწარმის ფასიც იზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ნუგების წარმოებაა. შოკოლადს რაც შეეხება - ჩვენს შემთხვევაში - ეს არ არის მასიური წარმოება. ყველაფერი ხელით მუშავდება, ხელით იხატება - მცირე წარმოებაა, მაგრამ ლუქს ბრენდია. წარმოებაში შოკოლადს ბევრს არ ვიყენებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასები იგივე დაგვეტოვებინა. ნუგების ფასიც 2 წელია არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი გაზრდილია. ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი - ნედლეულის მაღალი თვითღირებულების გამო. ვეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა. მირჩევნია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის ფასები იგივე დარჩეს. თუმცა, არ ვიცი, ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ. თუ ნედლეულის ფასი ისევ გაიზრდება, ცხადია, კომპანიის გაკოტრებაზე ვერ წავალ,“ - განმარტავს თეა ედიშერაშვილი.