„თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს
„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.
JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.
კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.