თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
12-13 მარტს ექსპო-ჯორჯია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდება, კონფერენციის ორგანიზატორები „ექსპო-ჯორჯია“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy არიან. საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის მიზანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერა და განვითარებაა. ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტებისა და რკინიგზის წარმომადგენლებს, საჰაერო გადამზიდავებს, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.
ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა.
ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად აქცევს, რაც ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. სექტორის წილი მშპ-ში 6%-ს აღემატება და ბოლო წლებში სტაბილური ზრდით გამოირჩევა.
“თიბისისთვის ლოგისტიკა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს - სექტორი აერთიანებს ბიზნესებს, რომლებიც მუშაობენ ექსპორტზე, უზრუნველყოფენ იმპორტს და აძლიერებენ საქართველოს როლს რეგიონულ ვაჭრობაში. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით, ვქმნით პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობებისთვის, რაც სექტორის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ფინანსური პარტნიორი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს კლიენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. შედეგად, თიბისის პორტფელი ლოგისტიკის სექტორში ბოლო 3 წელში 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
„ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში სტაბილურად ვითარდება და ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც გასულ წელს პირველი გამოფენა და ფორუმი დავაფუძნეთ, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. წლევანდელი ღონისძიება კი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
დღეს ეს უკვე ყოველწლიური, დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ინვესტორები და სფეროს პროფესიონალები იკრიბებიან, აზიარებენ გამოცდილებას და ერთობლივად უწყობენ ხელს ლოგისტიკის სექტორის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში,“ – რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯია“ დირექტორი.
კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScAYw8yKWyEvzX5scqhf49Yi1_BXf2NusZpVggz4mTAJ8XoAg/viewform
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორია Espressomobil Georgiaს გაფართოების გეგმები - კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია
სხვა სიახლეები
როგორია Espressomobil Georgiaს გაფართოების გეგმები - კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია
17.02.2026.14:00
Espressomobil Georgia თბილისში მოქმედი მობილური ყავის წერტილების ქსელია, რომელიც ავსტრიული ბრენდის Espressomobil-ის კონცეფციას ეფუძნება. მათი მთავარი მახასიათებელია სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილები (ძირითადად რეტრო სტილის პატარა მანქანები), საიდანაც პროფესიონალი ბარისტები მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობენ.
მენიუ მოიცავს კლასიკურ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოსა და სხვა პოპულარულ ყავის სასმელებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ცეცხლაძემ განაცხადა, კომპანია თბილისში წარმოდგენილია 3 მუდმივმოქმედი და 2 მოძრავი ობიექტით.
„კომპანია Espressomobil Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე ოთხი წელია ოპერირებს. თავად Espressomobil მსოფლიო ბაზარზე 14 წელია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ავსტრიული კომპანია Espressomobil-ის ფრანჩაიზი. Espressomobil 2010 წელს შეიქმნა და დღეისათვის 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. გეტყვით, რომ Espressomobil კავკასიაში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, თუმცა აზერბაიჯანის ფრანჩაიზი ამ ეტაპზე აღარ ოპერირებს. ჩვენ დღეისათვის გვაქვს სამი ლოკაცია - სითი მოლი, ქინგ დევიდი და გალერია. ქინგ დევიდსა და გალერიაში ჩვენი ავტომობილი გარეთ, შესასვლელთან არის განთავსებული, სითი მოლში კი - მეოთხე სართულზე“, - განმარტავს გიორგი ცეცხლაძე.
ქუჩაში გაყიდვების გარდა, Espressomobil მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. მათი დაქირავება შესაძლებელია კორპორატიული წვეულებების, ფესტივალებისა და კერძო ღონისძიებებისთვის. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ლოგოთი გააფორმონ როგორც ყავის ჭიქები, ისე თავად მობილური მანქანა, მარკეტინგული მიზნებისთვის.
„ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ და დამკვეთებს მომსახურებას ვუწებვთ, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში. ჩვენი სერვისებით კომპანიები თავიანთი ივენთებისთვის ინტერესდებიან. ასევე, ჩვენთვის საინტერესოა B2B მიმართულება. ამ მხრივ, ყოველი თვე შეიძლება აქტიური იყოს, რადგან ყველაფერს ვერგებით და ყველა მიმართულებას ვფარავთ - იქნება ეს ფეშენი, დეველოპმენტი, ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები.
შეგვიძლია ყველგან მივიდეთ, ნებისმიერი ივენთი მოვემსახუროთ, მოტოციკლეტი სრულად დავბრენდოთ კონკრეტული კომპანიის დიზაინით, დავბრენდოთ ჭიქები და გავუწიოთ მარკეტინგული მომსახურება“, - განმარტავს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Espressomobil Georgia-ს ორი მოძრავი ობიექტიდან ერთ-ერთი მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებს მოემსახურება.
Espressomobil Georgia გაფართოების გეგმებზეც მუშაობს და წლის ბოლომდე ბათუმში შესვლასაც განიხილავს. თუმცა კომპანია გაფართოების პროცესში მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს.
„გაფართოებასა და სამომავლოდ რეგიონებში შესვლას ვაპირებთ. შესაძლოა, წელს ბათუმშიც შევიდეთ, თუმცა მომსახურე პერსონალის პრობლემა რეალურად ძალიან სერიოზულად დგას. როგორც ბარისტების, ასევე მენეჯმენტისა და გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, მით უმეტეს, რომ ლოკაციურად ჩვენი APE-ები ძირითადად გარე სივრცეებშია განთავსებული და ბარისტების მოძიება მუდმივ პრობლემად რჩება.
ვაკანსიაზე 10 შემთხვევიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდეს, ხოლო დანარჩენებმა არც დარეკონ და არც გამოცხადდნენ. მსგავსი პრობლემა თბილისში განსაკუთრებით მწვავედ გვიდგას - ბარისტა გვჭირდება და ვერ ვპოულობთ. ვაქვეყნებთ ვაკანსიებს jobs.ge-ზე, ასევე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა ძალიან რთულია“, - აცხადებს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება Espressomobil Georgia-ს პროდუქციას, ის იდენტურია იმ პროდუქციისა, რომელსაც Espressomobil მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყიდის.
„ყავა ჩამოდის ინდონეზიიდან, მექსიკიდან და ბრაზილიიდან. ამ სამი ქვეყნიდან ყავა ჯერ ავსტრიაში იგზავნება, სადაც ერთი და იმავე წარმოებაში, ერთი და იმავე ადამიანის მიერ იხალება. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მომხმარებელს შეუძლია ჩვენი ყავის ზუსტად იგივე გემო დააგემოვნოს.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, Espressomobil Georgia-ს გაყიდვები 15-20%-ით გაიზარდა“, - აცხადებს გიორგი ცეცხლაძე.
ცნობისათვის, იტალიური Piaggio 50 ape-სა და პროფესიონალი ბარისტას გაერთიანების იდეა ძმებ პიტერ ლინდმოსერსა და მორის ფლეშინგერს დიდი ხნის მანძილზე არ ასვენებდათ, რადგანაც ყავა, რომლის თან გაყოლებაც იქნებოდა შესაძლებელი და ობიექტი, რომელიც არ მოითხოვდა რესტორანში ფიზიკურად მისვლას, პრაქტიკულად არ არსებობდა.
ეს ისტორია კი შემდეგ "ესპრესომობილის" დიდ ოჯახში გადაიზარდა, რომელიც ევროპისა და აზიის 18 ქვეყანაში ოპერირებს, მათ საქართველოც შეუერთდა.