თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას - ირაკლი ნადარეიშვილი
სექტემბრის ბოლოდან თურქეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet - ი თბილისსა და ანკარას შორის რეგულარულ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით, თბილისი - ანკარა - თბილისის ფრენების დაწყება კი ამის მაგალითია.
„თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის და ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლით მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას: 2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. ამ ეტაპზე, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება, ასევე 13%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.08.2025.19:00
დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მათგანი შეძლებს ეს ე.წ. სტარტაპი გადააქციოს მდგრად ბიზნესად, გახდეს საკვები ობიექტი და ბევრად მეტ მოგზაურს უმასპინძლოს, - ასე აფასებს გურიაში გამართულ „გემო ფესტს“ და ფესტივალის პოტენციურ შედეგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მაია ომიაძის თქმით, ფესტივალის ფარგლებში გურულებმა მართლაც განსაკუთრებული კერძები შექმნეს.
„გურიაში ორდღიანი გასტრონომიული ფესტივალი დასრულდა. რეგიონმა პირველად უმასპინძლა „გემო ფესტს“. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ორი დღის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოგზაურებსა და საქართველოს მოქალაქეებს მასპინძლობდა ფესტივალი. ღონისძიებაში 30-მდე გურული მონაწილეობდა სხვადასხვა მიმართულებით, მათგან 13 კვების მიმართულებით, დანარჩენები კი სასმელებისა და ხელნაკეთი პროდუქციის მიმართულებით იყვნენ წარმოდგენილნი.
გურულები დიდი ენთუზიაზმითა და მოლოდინით ელოდებოდნენ „გემო ფესტს“. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ შეფ მზარეულებთან და უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც განსაკუთრებული კერძები შექმნეს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმრავლესობა მათგანი შეძლებს ეს ე.წ. სტარტაპი გადააქციოს მდგრად ბიზნესად - გახდეს საკვები ობიექტი და ბევრად მეტ მოგზაურს უმასპინძლოს“, - ამბობს ომიაძე.
მისივე თქმით, „გემო ფესტმა“ ხელი შეუწყო რეგიონებში მრავალი ბიზნესის ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომ ეტაპებზე განვითარდნენ, თუმცა პირველი ნაბიჯები სწორედ ფესტივალზე გადადგეს.
„ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს როგორც იმერეთში, ისე სვანეთსა და რაჭაში. ადამიანები პირველად იწყებენ „გემო ფესტზე“, ანუ პირველ ნაბიჯებს სწორედ აქ დგამენ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორდღიანი ფესტივალი არ არის - ამის უკან დგას მთელი რიგი სამუშაოები. შეფ მზარეულებთან ერთად მონაწილეები ამუშავებენ კერძებს, სწავლობენ კალკულაციას, გრამაჟს, სწორი ფასის დადგენას. ისინი, ვისაც ბიზნესის წარმოება არ ჰქონდათ გამოცდილებად, აქ პირველად ეცნობიან ამ პროცესებს.
საქმე მხოლოდ კერძის მომზადებაში არ არის - მნიშვნელოვანია პროდუქტების შერჩევა, კალკულაცია, ფასის დადგენა და შემდეგ ამ ყველაფრის გაყიდვა. ეს მცირე მოდელია, რომელიც აძლევს პირველ გამოცდილებას და უნარებს. ვინც გამბედავია, ჩვენ ვეხმარებით, რომ განვითარდნენ და საკუთარი ობიექტი ან სამასპინძლო სივრცე შექმნან. ეს ადგილები ხშირად ძალიან ავთენტურია, რადგან სრულად ქართულ კონცეფციაზეა დაფუძნებული და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, - აცხადებს მაია ომიაძე.