თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს - Galt & Taggart
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, მიწოდების მხარეს, 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.
2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.
„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს. 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9,286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
Galt & Taggart-ის თანახმად, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალი-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160,975 მ2 -ს შეადგენდა (+7.3% წ/წ). საერთო ჯამში, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით.
2025 წლის მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1,330 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში შემცირდა და 2025 წლის მარტში თვიურად 1.9%-იანი კლების შემდეგ $1,220 შეადგინა.
2025 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები 8.6% იყო.
სხვა სიახლეები
17.06.2025.18:00
Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.
„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.
ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.
„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.