თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დანორმალიზდა - Galt & Taggart
2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მიწოდების მხარეს, წელს ჯამურად
გაცემული ნებართვების მოცულობამ მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნდა - რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის
პოტენციალს.
„2025 წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,232 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (10 თვეში +1.6% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 13.7%-ით გაიზარდა (10 თვეში +5.9% წ/წ).
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025
წლის 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
2025 წლის ოქტომბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 135,487კვ.მ.-ს შეადგენდა (-44.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად
მცირედი 0.6%-ით შემცირდა და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა.
„ფასები 2025 წლის ოქტომბერში, უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა განაგრძო და თვიურად 0.6%-ით გაიზარდა 1,352 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1,286 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა 2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Lulu სერვისების გაფართოებას და ქეითერინგის დამატებას გეგმავს
03.03.2026.12:00
LULU ევროპული სამზარეულოს კონცეფციით შექმნილი რესტორანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia რესტორნის მენეჯერს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დავიწყეთ და თავიდანვე ყურადღება მივანიჭეთ არა ტურისტულ ნაკადს, არამედ ლოკალურ ბაზარს. რესტორანი ვაკეში, ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს.
რესტორან LULU-ს კონცეფცია ეფუძნება ევროპულ სამზარეულოს, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროდუქტის ხარისხზე. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით „à la minute“ - კერძების გამზადება იწყება შეკვეთის მიღებისთანავე, მენიუს განახლება ხდება სეზონურად და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ინგრედიენტების ბუნებრივ გემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი სოუსებით არ გადავფაროთ, არამედ წარმოვაჩინოთ მისი ნატურალური გემო და თვისებები.

ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ნედლეულს: ავსტრალიურსა და ამერიკული საქონლის ხორცს, ახალზელანდიურ ცხვრის ხორცსა და სტეიკებს, ნორვეგიულ ორაგულს და ფრანგულ ხამანწკებს. ამასთანავე, ბოსტნეულსა და მწვანილს, სეზონის მიხედვით შეძლებისდაგვარად ვიძენთ ადგილობრივ ბაზარზე.
ცალკე მიმართულება, რომელზეც მინდა ვისაუბრო არის ღვინისა და ბარის კულტურა. გვაქვს ღვინის ფართო არჩევანი, სხვადასხვა საფასურის კატეგორიები, ასევე, ჩვენს გუნდში მუშაობს პროფესიონალი სომელიე, რომელიც სტუმრებს ეხმარება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინის გაცნობასა და იდეალური გასტრონომიული კომბინაციების შერჩევაში.

ჩვენს მენიუში წარმოდგენილია უალკოჰოლო კოქტეილების ხაზიც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება ალტერნატივად და თანამედროვე ბარის კულტურის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად მიიჩნევა.
სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გემოთა კომბინაციებს, ახალ ინგრედიენტებსა და გამორჩეულ პრეზენტაციას. ხშირად მათი გარჩევა კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილებისგან თითქმის შეუძლებელია.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში დავინახეთ ბაზრის ტრანსფორმაცია. თუ ადრე თბილისი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ექსპატების აუდიტორიაზე, დღეს ბაზარი უფრო ლოკალური გახდა. ადგილობრივი სტუმრების წილი იზრდება, ხოლო ტურისტული და ექსპატური ნაკადი თანდათან მცირდება.
ზაფხულის პერიოდში ტრადიციულად იზრდება ტურისტული აქტივობა. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა სტუმრების რაოდენობა თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში ეროვნულ სამზარეულოზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა, ევროპული სამზარეულოც მოთხოვნადია.

ამასთანავე, მოთხოვნა ჩვენს შემთხვევაში სტაბილურია. მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-იან თვიურ ზრდას ვაფიქსირებთ. ეს ორგანული დინამიკაა, რომელიც ძირითადად მუდმივი აუდიტორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტი და ის სტანდარტები, რომელთა დათმობასაც არ ვაპირებთ. არ ვცდილობთ თვითღირებულების შემცირებას ნედლეულის ხარისხის ხარჯზე. პირიქით, შეგნებულად ვირჩევთ უფრო ძვირადღირებულ მომწოდებლებს, რათა შევინარჩუნოთ სამზარეულოს სტაბილურად მაღალი დონე და ხარისხი.
მიუხედავად მაღალი შესყიდვის ღირებულებისა, ვინარჩუნებთ სამართლიან ფასებსა და დიდ პორციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს სრული სადილი ან ვახშამი და იგრძნოს, რომ მიღებული ხარისხი მის გადახდილ თანხას სრულად შეესაბამება. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადგილი, სადაც მთავარი არის გემო და პროდუქტი ზედმეტი „ფენსი“ ელემენტებისა და დემონსტრაციული კონცეპტუალობის გარეშე.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კომპლექსური გასტრონომიული გამოცდილება -ეს არ არის მხოლოდ ვახშამი, არამედ სამზარეულოს, სერვისის, ღვინისა და ატმოსფეროს ერთობლიობა. თბილისის მაცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი გამოცდილებითა და გემოვნური კულტურით - ისინი ხშირად მოგზაურობენ, ნამყოფი არიან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და სურთ საკუთარ ქალაქშიც მიიღონ შესაბამისი ხარისხის სამზარეულო და სერვისი.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორიენტაცია გლობალურ ტრენდებზე: როგორც აღვნიშნეთ, რესტორან LULU-ს უკვე აქვს მოკტეილებისა (უალკოჰოლო კოქტეილები) და უალკოჰოლო ღვინოების მენიუ, რომლის გაფართოებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
ჩვენ დეტალურად ვაანალიზებთ ბაზარს და გადაწყვეტილებებს ფრთხილად ვიღებთ. მეორე ლოკაციის გახსნის შესაძლებლობას განვიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სტაბილურობასა და ზოგად საბაზრო ვითარებაზე.
პარალელურად ვგეგმავთ დამატებითი მიმართულებების განვითარებას. უახლოესი მომავლის გეგმებში შედის ქეითერინგის სერვისის დანერგვა კერძო და კორპორაციული ღონისძიებებისთვის: დაბადების დღეები, ქორწილები და გასვლითი ღონისძიებები. ეს ჩვენი გასტრონომიული შეთავაზების ლოგიკური გაფართოებაა.
ასევე განვიხილავთ ახალ კონცეფციებს, რომლებიც ამ ეტაპზე ლოკალურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. მაგალითად, საინტერესოა Nikkei ფორმატი - პერუ-იაპონური სამზარეულო. თუმცა გვესმის, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ ტრადიციულია და მსგავსი პროექტების დანერგვას და განხორციელებას სჭირდება გააზრებული და დაბალანსებული მიდგომა.
ინფორმაციისთვის: Lulu Tbilisi მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 85 ნომერში.
