„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ არსებულ ინფრასტრუქტურას აფართოებს
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რომელიც ტვირთის სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო საერთაშორისო ლოგისტიკას ახორციელებს, ინფრასტრუქტურას აფართოებს.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის A კლასის საბაჟო საწყობი, რომელიც გეზ-თნ მდებარეობს, ექსპლუატაციაში ერთი თვეა გაეშვა, თუმცა კომპანიის მენეჯმენტი უკვე გაფართოებაზე მუშაობს და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებსაც მალე დაიწყებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ დირექტორმა არჩილ წერეთელმა განუცხადა, არსებული საბაჟო საწყობის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო დაგეგმილი გაფართოება კომპანიას 17-18 მლნ ლარი დაუჯდება.
ახალი, A კლასის საბაჟო საწყობი აღჭურვილია WMS სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწყობში საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას როგორებიცაა: ტვირთის მიღება,შენახვა, აგროვება და გადაზიდვა.
„ეს არის საბაჟო ტერმინალი, რომელიც მოიცავს 7000 კვ/მ-ს. საწყობი ერთი თვეა რაც მუშაობს, რადგანაც 1-ელი აპრილიდან ავიღეთ საბაჟო ტერმინალის ლიცენზია და ამ დროისათვის თითქმის სავსეა. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და ამიტომ კიდე ვაპირებთ აშენება/გაფართოებას. ახალი ტერმინალი არსებულზე 2-ჯერ დიდი იქნება და უკვე ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს“, - აღნიშნა არჩილ წერეთელმა.
ახალი საბაჟო საწყობის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და საწყობის აშენებამდე მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებით იყო დაკავებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.