TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი უკვე წარდგენილია, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ორივე აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.
„2025 წელს საკმაო მატება გვაქვს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში და ჩვენ დავხარჯეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მლნ დოლარზე მეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 5 მლნ დოლარზე მეტი. შესაბამისად, იგივე ტემპებით ვაგრძელებთ. იცით თქვენ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. უკვე წარდგენილია გაფართოების პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, ხოლო ბათუმზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან უკვე შევძლებთ, რომ აქტიურ ფაზაში გადავიდეს აეროპორტის გაფართოება“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
სხვა სიახლეები
ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა
10.03.2026.18:00
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.
დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.
როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.
სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.