„სვანიძის ზეთისხილი“ ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას რამდენიმე თვეში დაასრულებს, რაც კომპანიას წარმადობის და ასორტიმენტის გაზრდის საშუალებას მისცემს
ბიზნესმენი გიორგი სვანიძე, რომლის სახელსაც საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენება უკავშირდება, ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას რამდენიმე თვეში დაასრულებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა, საწარმოს მშენებლობა ზეთისხილის მოსავლის არებამდე დასრულდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ზეთისხილის ბაღების მოცულობა იზრდება და გადამუშავებაზე დიდი მოთხოვნაა, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების მიზნით საჭიროა მისი სწრაფად დამუშავება. ამიტომ ადგილზევე, სადაც გაშენებულია ჩვენი ბაღების დიდი ნაწილი, ეს არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი გამარჯვება, ტარიბანას ველზე აქ დაწყებულია გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. გეგმის მიხედვით მისი მშენებლობა ახალი სეზონისთვის დასრულდება“, - ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.
ახალი საწარმო კომპანიას სიმძლავრეების ზრდის და მეტი პროდუქციის გადამუშავების საშუალებას აძლევს. საწარმოში იგეგმება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთისა და მარინადის წარმოება.
„საწარმო დღე-ღამეში 80 ტონა ნაყოფის გადამუშავება შეეძლება, საუბარია მაქვს ზეთის წარმოების ნაწილზე. საწარმო აღჭურვილი იქნება წამყვანი ბრენდების თანამედროვე ტექნოლოგებით. გადამუშავების ნაწილში წარმოება იქნება სეზონური და 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება მარინადის ნაწილს, დამარინადების შემდეგ მას სჭირდება გარკვეული დრო, რათა ფერმენტაცია განიცადოს და მისი წარმოება უკვე 3 თვის შემდეგ დაიწყება“, - აღნიშნავს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.
გარდა სიმძლავრეების ზრდისა, ახალი საწარმოს გაშვების შემდეგ კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ ასორტიმენტსაც გაამრავალფეროვნებს და უფრო მეტი სახეობის პროდუქტს შესთავაზებს როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებს.
„წარმოება ასორტიმენტის გამრავალფეროვნების საშუალებას მოგვცემს. უკვე ამ სეზონის პროდუქტით შესაძლებელი იქნება ასორტიმენტის გაზრდა. მოსავლის აღებას კი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისიდან დავიწყებთ. წელს საშუალოდ 400 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით. გასულ წელს 300 ტონამდე მოსავალი ავიღეთ“. - ამბობს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.
ირკვევა, რომ საწარმოში ფერმერებსაც შეეძლებათ პროდუქციის გადამუშავება.
„ეს საწარმო არამარტო ჩვენი პროდუქტის გადამამუშავებელი იქნება, არამედ ხელს შეუწყობს მესამე პირების, ვთქვათ ფერმერების პროდუქციის გადამუშავებასაც. მოხდება ასევე ნაყოფის ჩაბარებაც“, - ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.
მისვე თქმით, ზეთისხილის ზეთზე და მარინადებზე როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება.
„ექსპორტის ნაწილში, მთელი მსოფლიოდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდიდან ძალიან გაზიარდა ჯანსაღ კვების პროდუქტებზე და ზოგადად ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნა. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, რომელიც უმსხვილესი ბაზარია.
„სვანიძის ზეთისხილი“ ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყელა სუპერმარკეტების და ჰიპერმარკეტების ქსელშია წარმოდგენილი“ - ამბობს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე აქტიურად აგრძელებს ზეთისხილის დარგვას და ბაღების ფართობის ზრდას.
როგორც ცნობილია ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ზეთისხილის მეურნეობაში, ზეთისხილის ბაღის გაშენება GPS სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკით ხდება.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წლიდან შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია.
გიორგი სვანიძე აღნიშნული საბჭოს ორგზის არჩეულია პრეზიდენტია (2019-2021 წლებში), ხოლო დღეს ის IOC-ის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
სწორედ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ზეთისხილის კულტურის დანერგვა. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის ზეთისხილის” ბრენდის სახელითაა ბაზარზე წარმოდგენილი და პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში და სხვა მრავალ ქსელში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.05.2025.17:07
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).
სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.
მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013