სუხიშვილების დინასტია - ჟინი, რომელიც არასდროს ჩერდება
საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
უკვე 80 წელია, რაც ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები ქმნის გზას, რომელმაც ანსამბლის სახელი ბრენდად აქცია. ბრენდად, რომლის მთავარი მისია კულტურული იდენტობის დაცვა და მისი თანამედროვე სივრცეში ტრანსფორმაციაა.
სუხიშვილების ყოველი ექსპერიმენტი და ახალი წამოწყება უკვე წლებია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სპონსორის, რომლის ღირებულებები და მიზნები ანსამბლთან სრულ თანხვედრაშია. სუხიშვილების დაუღალავი ენერგია და ჟინი არ ცნობს დაბრკოლებებს და მუდმივად მზად არის ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს.
დაარსების დღიდან სუხიშვილების სახელი ასოცირდება სითამამესთან, სტერეოტიპების ნგრევასთან და თავისუფლებასთან. თითოეული დადგმა ერთგვარი მანიფესტია, რომელიც კონკრეტულ ეპოქაში თავის სათქმელს შემოქმედებით გადმოსცემს. მაგრამ ეს გზა ასეთი უწყვეტი, ძლიერი და ჟინით სავსე ვერ იქნებოდა რომ არა ნინო რამიშვილი, ინგა თევზაძე და ნინო სუხიშვილი. ქალები, რომლებმაც ყველაზე დიდი მისია დაისახეს მიზნად. სწორედ მათი სიმტკიცე და მებრძოლი ხასიათი გახდა იმ ძალის საფუძველი, რომელმაც სუხიშვილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია შექმნა.
ნინო რამიშვილი
“ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ვარ, არა? ეს არ არის სიმკაცრე, მე მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, სხვების მიმართაც. მომთხოვნელობა და პასუხისმგებლობა, მტკიცე დისციპლინა, მე უბრალოდ მუდამ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ და არასოდეს დავღალატებულვარ; ერთგულების, დიდი შრომის გარეშე, უსიყვარულოდ არასოდეს იქნება მოსაწონი საქმე.”
ეს სიტყვები ქართული ცეკვის ლეგენდას ნინო რამიშვილს ეკუთვნის. ქალს, რომლის მტკიცე ხასიათით, დისციპლინითა და შთაგონებით ქართული ნაციონალური ბალეტი დღემდე ცოცხლობს და ვითარდება.
ნინო რამიშვილმა, მისი ცხოვრების მთავარ პარტნიორთან და ნოვატორ ქორეოგრაფთან ილიკო სუხიშვილთან ერთად, 1945 წელს დააარსა ანსამბლი, რომლის ხედვა და ღირებულებები იმდროინდელი საზოგადოებისთვის უცხო და მიუღებელი იყო. მაგრამ დაუოკებელი ჟინით სავსე მეამბოხე წყვილს დაბრკოლებები მხოლოდ ძალას აძლევდა. ძალას, რომელმაც დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ სუხიშვილები მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი კი არა, ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირია.
აღსანიშნავია, რომ ნინოს გამბედაობა, უდრეკობა და დაუღალავი ჟინი სრულყოფილებისკენ ილიკოს დამატებით მოტივაციას აძლევდა შეექმნა ცეკვები, რომლებიც სცენაზე ნამდვილ ცეცხლს ანთებდა.
ნინო რამიშვილისთვის არ არსებობდა „მეორე შანსი“, ვინაიდან თითოეული ნაბიჯი, თითოეული მოძრაობა უნდა ყოფილიყო სახასიათო და უნაკლოდ შესრულებული. მოცეკვავეებს არ ჰქონდათ რეპეტიციების გაცდენის, დაგვიანების, უქმად ყოფნის უფლება. ვარჯიშის დროსაც კი ცეკვავდნენ ისე, როგორც სცენაზე, რადგან დისციპლინის მოყვარული ხელმძღვანელი არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ცალკე ამბავია ისიც, რომ ის ავარჯიშებდა როგორც გოგოებს ისე ბიჭებსაც. ამასთან დაკავშირებით კი, დასს არა თუ პროტესტი, არამედ განსაკუთრებული რიდი და პატივისცემა ჰქონდა.
ყველაზე კარგად ნინო რამიშვილის ხასიათს მის მიერ შესრულებული “ჯეირანი“ წარმოაჩენს. ცეკვა, სადაც ყოველ მოძრაობაში ერთდროულად იკითხება სიძლიერე, სიმკაცრე და შეუპოვრობა. კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა “მთიულურმა“, სადაც ქალის ამოცნობა მაყურებელს ბოლომდე უჭირდა, ვინაიდან მოძრაობის სიზუსტე, სინქრონი და ენერგია ტოლს არ უდებდა მამაკაც მეწყვილეს.
ინგა თევზაძე
იმ პერიოდში, როდესაც ქართული ფოლკლორი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის დამატებით სირთულეს ახალგაზრდა მოცეკვავეების მოძიება წარმოადგენდა. ამიტომ, ისინი ხშირად ქუჩაში აკვირდებოდნენ სახეს, ჟესტს, ენერგიას და სწორედ ასე იწვევდნენ ანსამბლში ახალ ტალანტებს.
ასე მოხვდა ინგა თევზაძის შემთხვევაშიც, რომელიც ბათუმის ქუჩებში თავად ნინო რამიშვილს აღმოუჩენია. ინგა მალე არა მხოლოდ დასის წევრი, არამედ წამყვანი სოლისტი გახდა. მისი შესრულებული ცეკვები: „სიმდი“, „ხონგა“ და „აჭარული“ გამორჩეულად სანახაობრივი იყო. სულ რაღაც ოთხ წელიწადში კი, სუხიშვილების დიდი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და თენგიზ სუხიშვილის მეუღლე გახდა.
აღსანიშნავია, რომ სუხიშვილების მეორე თაობას 2007 წლამდე სწორედ თენგიზი ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ ინგას მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ ცდილობდა ჩრდილში ყოფნას, მისი წვლილი სუხიშვილების მეორე თაობის განვითარებაში ფასდაუდებელია.
დედაზე საუბრისას უმცროსი ნინო სუხიშვილი ყოველთვის აღნიშნავს:
“ის რომ არ შეხვედროდა თენგიზს, ალბათ სუხიშვილები არ იარსებებდა. ამ ქალის მხრებზე ბევრმა სირთულემ გადაიარა, რადგან მეორე თაობას საკმაოდ რთული ეტაპის გავლა მოუწია. ინგა სულ ცდილობდა ჩრდილში ყოფნას, მაგრამ ამავდროულად სწორედ ის იყო სუხიშვილების მთავარი მამოძრავებელი ძალა.“
ნინო სუხიშვილი
დღეს ნაციონალური ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილია, რომელიც ძმასთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად აგრძელებს ბებია-ბაბუისა და მამის საქმეს. როგორც 80 წლის წინ, ახლაც ანსამბლის მთავარი ღირებულება ერთგულება, შრომა, საქმისადმი სიყვარული და ლიდერობაა.
ნინო სუხიშვილის როლი ამ შემოქმედებით პროცესში განუმეორებელია. ის ზრუნავს არა მხოლოდ სცენის ვიზუალურ ხედვაზე, არამედ თანამედროვე კოსტიუმების შექმნაზეც, რომლებიც მკვეთრად გამოხატავს ანსამბლის თანამედროვეობისა და ტრადიციის სინთეზს. მისი კოსტიუმები გამორჩეულად მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილებით იქმნება, სადაც ყოველი დეტალი, ფერი და ფორმა თანხვედრაშია ქორეოგრაფიასა და მუსიკასთან. ნინო სუხიშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები სხეულის სილუეტს ბუნებრივად მიჰყვება, რაც ცეკვას დამატებით სიმსუბუქესა და ელეგანტურობას სძენს.
სუხიშვილებისთვის ქალის სახე ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. ეს სახე თავდაპირველად თავად ნინო რამიშვილმა შექმნა. წლების განმავლობაში მისი ხელწერის ნაწილად იქცა. ნინოს მიერ ჩამოყალიბებული ეს ხაზი დღესაც ცოცხალია და ინსპირაციას აძლევს ახალ თაობებს. მაგალითისთვის, პროექტი „არტეფაქტები“, რომელიც ქართული ხალხური ცეკვის თანამედროვე ხედვაა, რომლის სახელი ქორეოგრაფიულ დადგმაში გამოყენებულ არქაულ ილეთებს უკავშირდება. ასევე “რამიშვილები“, სადაც ქალი ტრადიციული ჩიხტიკოპისა და ნაწნავების ნაცვლად წითელი სამოსითა და მოკლე თმითაა წარმოჩენილი.
განსაკუთრებული და ინოვაციური აღმოჩნდა ღია სცენა “თაკარა“, ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი რომელიც პანდემიის დროს, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. როგორც ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით და ჟინით ღია სცენა “თაკარა“ იქცა სივრცედ, სადაც ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზი იქმნება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი“ გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.