სუხიშვილების 80 წლიანი ისტორია - რიტმი, რომელიც არ ჩერდება
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წელს აღნიშნავს - მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
80 წლის წინ ქართულ სცენაზე გამოჩნდა ანსამბლი, რომელმაც სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ფოლკლორში. მაშინ, როდესაც ტრადიციული ცეკვის ხაზი მკაცრად განსაზღვრული იყო, ინდივიდუალიზმს კი ეჭვით უყურებდნენ, სუხიშვილებმა გაბედეს ექსპერიმენტი - კლასიკურ მოძრაობებს შემატეს ბალეტის ელემენტები, თეატრალურობა და სინქრონი. აჩქარდა მუსიკის რიტმი, სცენაზე ცეკვა უფრო მეტად სანახაობრივი გახდა.
ყველაფერი 1945 წელს დაიწყო. ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა, რომლებსაც ბალეტის სიყვარული და ქართული ცეკვის გაცოცხლების სურვილი ამოძრავებდათ, ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს.

წყვილმა არა მხოლოდ ანსამბლი, არამედ სრულიად ახალი ქორეოგრაფიული ხედვა შექმნა. ცეკვებს, რომლებსაც დღეს ტრადიციულის სახელით ვიცნობთ, პირველად სწორედ მათ მიანიჭეს სცენური სიცოცხლე. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება. თუმცა, ის, რაც დღეს კლასიკაა, მაშინ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რის გამოც ანსამბლს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
მსოფლიო აღიარება
ძალიან მალე სცენა გასცდა ქვეყნის საზღვრებს. ცეკვის ილეთებმა, სულისკვეთებამ, სინქრონმა და ამავე დროს სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილმა თვალისმომჭრელმა კოსტიუმებმა უცხოელი აუდიტორიის გული მალევე დაიპყრო. პირველად იყო ფინეთი, შემდეგ დანია, ინგლისი და იტალია. ტრიუმფითა და სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტები გამართეს ათეულობით სცენაზე - მათ შორის, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერასა” და “ლა სკალაში”, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია. ეს ისტორია და სტატისტიკა აღფრთოვანებას იწვევს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მაშინ ანსამბლი, ოფიციალურად, საბჭოთა კავშირის ეპოქაში მოღვაწეობდა, თუმცა ბედავდა და ყველგან საქართველოს სახელი გაჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი რეჟიმი ინდივიდუალიზმსა და თვითგამოხატვას ებრძოდა, ამას დასისთვის ხელი არასოდეს შეუშლია. წლიდან წლამდე ცეკვები იხვეწებოდა, ემატებოდა მოძრაობები, იქმნებოდა სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ნომრები. სუხიშვილები მაყურებელს მუდმივად განახლებული პროგრამით ანებივრებდნენ. მათი სტილი არა მხოლოდ მაყურებელს, ბევრ ცნობილ ხელოვანსაც აღაფრთოვანებდა, მათ შორის, სალვადორ დალის. სპეციალურად სუხიშვილებისთვის შექმნილი ვირსალაძის სამოსი კი შთაგონების წყარო გამხდარა თვით ივ სენ ლორანისთვის. მის კოლექციაში დღესაც პოპულარულია ბაფთად შეკრული ჭრელი ქამრები, რომელიც ქართული საცეკვაო კოსტიუმების უნიკალური მახასიათებელია.

ახალი ფერები ტრადიციაში
რევოლუციური სულისკვეთება და მუდმივად ახლის ძიების სურვილი - ეს ხასიათი გასდევდა და გასდევს სუხიშვილების ისტორიას წარსულიდან დღემდე. მათი შემოქმედება ისევ ამბიციური, ცოცხალი და მრავალფეროვანია. არც ახალი თაობა უშინდება ექსპერიმენტს, თავისუფლად ცვლის რიტმს, ამატებს ახალ პლასტიკას, მიმართავს იმპროვიზაციას და ეძებს იმ ფორმას, რომელიც ყველაზე მეტად წარმოაჩენს ქართულ ხასიათსა და ეპოქას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილების შთამომავლობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიის წერას. თანაც ისე, რომ არ ღალატობს ანსამბლის მთავარ ღირებულებას - აღმოაჩინონ ახალი, განავითარონ ძველი და არ დაივიწყონ წლების წინ შექმნილი კლასიკა. ამის ნათელი მაგალითია თაკარა. სუხიშვილების ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი, რომელმაც ქორეოგრაფიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა. თაკარას ღია სცენაზე მუსიკისა და ცეკვის სრულიად განსხვავებული კომპოზიციები იქმნება. ასეთივე გამბედავი პროექტია რამიშვილები, სადაც, ძირითადად, მხატვრული ცეკვებია წარმოდგენილი, რომელიც გამორჩეულად ჟღერადი მუსიკით ფორმდება. ცალკე ამბავია ისიც, რომ საცეკვაო მუსიკა სცენას გასცდა — ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ცეკვას ასულდგმულებდა, დღეს მანქანაში, სეირნობისას, ყურსასმენებში, ცალკეულ ჰიტებად ისმინება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დასის წევრებს კიდევ ერთი დიდი მისია აკისრიათ - გაზარდონ ახალი თაობა, რომელსაც პატარა სუხიშვილების სახელით ვიცნობთ. “ძველები” ცდილობენ “ახლებს” ცეკვაც შეაყვარონ, დისციპლინაც, ქვეყნის ისტორიაც და 80 წლის მონაპოვარიც.

სუხიშვილები, როგორც ბრენდი
ატარებდე სუხიშვილების სახელს, პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან სცენაზე და სცენის მიღმა შენგან რაღაც განსხვავებულს, თამამს მოელიან. თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ანსამბლი იქცა ბრენდად, რომლის სახელიც ერთდროულად იქცა სიზუსტის, დისციპლინის, სიმკაცრის, ისტორიის, ტრადიციის და მოდურობის სიმბოლოდ.
და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, 80 წელი სუხიშვილებისთვის არც ისე ბევრია, რადგან მათი ისტორია ჯერ კიდევ იწერება. ანსამბლი არ ჩერდება, მეტიც, სცენის მტვრით მოწამლული ნაციონალური ბალეტი აგრძელებს ისტორიის წერას, გამუდმებით აოცებს ერთგულ მაყურებელს და საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო დიდად წარმოაჩენს საქართველოს. და როგორც ლეგენდარულმა ნინო რამიშვილმა თქვა: ,,გავა წლები, შეიცვლება თაობები, შეიცვლება ცოტა ცეკვებიც, რასაკვირველია, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, სოლიკო ვირსალაძის და ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია დარჩება თაობებს...“

სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.