„სტარბაქსი" უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად - ირაკლი ნადარეიშვილი
„სტარბაქს"-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - ბაზარზე მისი შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით შედგა. „სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი საქართველოში 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება, მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - გლობალურ, ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების, ტექნოლოგიური, საფინანსო სექტორები თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება. „სტარბაქსი" ამ ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, გლობალური ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადამდები ეფექტი ექნება, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი
16.04.2026.15:40
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.
სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება
ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი
STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.
საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge