სს „ქართული ლუდის კომპანია“ - „ზედაზენის“ დირექტორად გიორგი ქესანაშვილი დაინიშნა
მიმდინარე წლის 18 მარტს „ქართული ლუდის კომპანია“ - „ზედაზენის“ დირექტორად გიორგი ქესანაშვილი დაინიშნა. იგი კომპანიას 2019 წელს PwC Georgia-დან ფინანსური დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა. მოგვიანებით, 2022-2026 წლებში იკავებდა დირექტორის მოადგილის პოზიციას და ხელმძღვანელობდა კომპანიის ფინანსურ, კომერციულ, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.
ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. კერძოდ, პორტფელში დაიმატა დიდი საერთაშორისო ბრენდები, გაიუმჯობესა პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე და უკვე 2025 წლის ბოლოს ლუდის ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო „ზედაზენის“ ნაწილი, მისი ხელმძღვანელობა კი შესაძლებლობაა - მოტივირებულ, პროფესიონალ და ამბიციურ გუნდთან და პარტნიორებთან ერთად განვაგრძო ახალი მიზნების დასახვა და შესრულება.
გასული 2-3 წლის განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში მას რამდენიმე ძირითადი მიზანი ექნება:
• კომპანიის ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა, მყარი და საფუძვლიანი განვითარებისთვის;
• სადისტრიბუციო პორტფელის გაზრდა და გაძლიერება;
• კომპანიის საექსპორტო პოტენციალის ათვისება.
მინდა მადლობა გადავუხადო აქციონერებსა და „ზედაზენის“ გუნდს ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ენერგია უკვალოდ არ ქრება. სწორად მიმართულ ენერგიას და მოტივაციას კი დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია“ - გიორგი ქესანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისის თვეში Tempo Beverages Ltd-მა („ტემპო ჯგუფი“) „ქართული ლუდის კომპანიის“ („ზედაზენი“) 60%-იანი წილი შეიძინა. კომპანიის განცხადებით, ეს პარტნიორობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ საწარმოში შემოვიდეს საერთაშორისო გამოცდილება, დაინერგოს გლობალური სტანდარტები და გაიზარდოს განვითარების მასშტაბი.
Tempo Beverages Ltd. არის ლუდისა და სასმელების წარმოებისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც 1954 წლიდან ოპერირებს ისრაელსა და საერთაშორისო ბაზრებზე. „ტემპო ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორია ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი Heineken, რომელიც კომპანიის 40%-იან წილს ფლობს.
სხვა სიახლეები
პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
30.03.2026.08:56
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის სხდომა პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა დარჩენილია 3000-მდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.