Snacky წარმოებას აფართოებს და 2026 წლიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს
Snacky • სნექი წარმოებას აფართოებს და ექსპორტზე გასვლასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Snacky-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განაცხადა, გაყიდვების ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოება. სწორედ ამიტომ კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარები, რომლებიც მალე ჩამოვა და კომპანიას პროდუქციის წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ექსპორტზე გასვლას, კომპანია აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურად ემზადება და საწარმოში ISO-სა და Kosher სერტიფიკატებზე მუშაობს.
„ამ დროისთვის სერტიფიცირების პროცესში ვართ. ISO სერტიფიცირებაზე ვმუშაობთ და ასევე გვინდა, Kosher-ის სერტიფიკატი ავიღოთ. აღნიშნულ თემაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, და მისი დანერგვის შემდეგ განვიხილავთ ექსპორტს. უკვე გვყავს რამდენიმე დაინტერესებული კლიენტი. ISO და Kosher სერტიფიკატები კი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნებია - მაგალითად, ისრაელის ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია Kosher-ი, ხოლო აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისთვის - ISO. ISO-ს დანერგვას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, შესაბამისად, ექსპორტზე გასვლა მოსალოდნელია 2026 წლისთვის“, - ამბობს Snacky-ის დამფუძნებელი.
ზური სამოილენკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში Snacky-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.
Snacky აქტიურად იყიდება სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა: ფრესკო, ნიკორა, გუდვილი, ევროპროდუქტი, ხოლო სულ მალე - დაახლოებით ერთ კვირაში - Snacky ხელმისაწვდომი იქნება ორ ნაბიჯშიც.
Snacky-ის წარმოება თბილისში, კერძოდ, ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს და კომპანიის მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს წარმადობის გასაზრდელად. საწარმოს ახალი დანადგარები ემატება, რაც საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქციის მოცულობა.
მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად, კომპანია უკვე 2026 წლიდან ექსპორტსაც განიხილავს. ახალი დანადგარების მონტაჟის შემდეგ საწარმოს ექნება თვეში 100 ტონა Snacky-ის წარმოების შესაძლებლობა.
Snacky მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც. რამდენიმე თვეა, კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა Snacky ახალი, ქრანჩი ტექსტურითა და განახლებული შეფუთვით.
Snacky - ეს არის 100% ნატურალური მიწისთხილის კარაქი, რომელიც ყოველდღიურ, ჯანსაღ სნექად იქცა მრავალი მომხმარებლისთვის.
Snacky-ის მისიაა ჯანსაღი წასახემსებლის კულტურის შექმნა. საწარმოში დაცულია ყველა შესაბამისი ნორმა და დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP.
დღის ტოპ 10 სიახლე
„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
სხვა სიახლეები
18.09.2025.15:28
კომპანიის საქმიანობა, მართვის პრაქტიკა და სრული ფინანსური მაჩვენებლები, - „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა.საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დოკუმენტი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და ჰოლდინგის პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებასა და კორპორაციულ კულტურას უსვამს ხაზს.
პრეზენტაცია „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრის კონცეპტუალურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ჰოლდინგის მენეჯმენტი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. 200-გვერდიანი დოკუმენტი ღონისძიების წარმომადგენლებს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გააცნო.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ პირველი წლიური ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრესს, სტრატეგიასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე გვაქვს.
ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, მკაფიოდ ვაჩვენოთ, სად ვდგავართ დღეს და რა გზით ვვითარდებით. ის მოიცავს დეტალურ ანალიზს ჩვენი ბიზნესის დინამიკის, ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში „თეგეტას“ როლის, ასევე ინოვაციური პროექტებისა და ახალი თანამშრომლობების შესახებ, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ.
ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც ემყარება გამჭვირვალობას, კორპორაციული მართვის კულტურასა და მუდმივ განვითარებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ნდობის განმტკიცებას, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს გუნდთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, აერთიანებს 35-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, ჰყავს 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციული მომხმარებელი. საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშში კომპანიამ დაინტერესებულ პირებს მომხმარებელთა და დაკავშირებულ მხარეთა კმაყოფილების კვლევის შედეგები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსმა 96% შეადგინა.
დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებიც. კომპანიის შემოსავალი 2024-ში 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.
მკვეთრად გაფართოვდა ჰოლდინგის ბიზნესპორტფელი ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Bentley, Lamborghini, ასევე ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr.
2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. აშენდა ახალი სერვისცენტრები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისათვის. გეზის ეკონომიკურ ზონაში განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეულია კომპანიისთვის და MAN-ის „A+“ სერტიფიკატს ფლობს.
გასულ წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოში პირველი მულტიბრენდული შოურუმი გახსნა. ის Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს.
წლიურ ანგარიშში კომპანიის საერთაშორისო ექსპანსია და რეგიონებში „თეგეტას“ საქმიანობაც მოხვდა. 2024 წელს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, გაფართოვდა რეგიონული თანამშრომლობა Mazda-სთან და კომპანია იაპონურ ბრენდს სომხეთის ბაზარზეც წარმოადგენს. წელი წარმატებული იყო კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც - „თეგეტა“ სომხეთსა და აზერბაიჯანში Renault Trucks-ის ოფიციალური დილერი გახდა. გაყიდვების პორტფელში პირველად დაფიქსირდა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია თურქმენეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე.
როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. „თეგეტა“ ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და 2024 წელს სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა.
ახალი სტანდარტის დანერგვით „თეგეტა“ არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობაში ამკვიდრებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კულტურას, არამედ საავტომობილო სექტორს აძლევს მაგალითს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის წარმოების მიმართულებით. 2025 „თეგეტასთვის“ საიუბილეო წელია — ჰოლდინგი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალი სტანდარტებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.