Snacky ახალ დანადგარებს ამატებს და საერთაშორისო სერტიფიცირებას იწყებს
Snacky • სნექი წარმოებას აფართოებს და ექსპორტზე გასვლასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Snacky-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განაცხადა, გაყიდვების ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოება. სწორედ ამიტომ კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარები, რომლებიც მალე ჩამოვა და კომპანიას პროდუქციის წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ექსპორტზე გასვლას, კომპანია აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურად ემზადება და საწარმოში ISO-სა და Kosher სერტიფიკატებზე მუშაობს.
„ამ დროისთვის სერტიფიცირების პროცესში ვართ. ISO სერტიფიცირებაზე ვმუშაობთ და ასევე გვინდა, Kosher-ის სერტიფიკატი ავიღოთ. აღნიშნულ თემაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, და მისი დანერგვის შემდეგ განვიხილავთ ექსპორტს. უკვე გვყავს რამდენიმე დაინტერესებული კლიენტი. ISO და Kosher სერტიფიკატები კი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნებია - მაგალითად, ისრაელის ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია Kosher-ი, ხოლო აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისთვის - ISO. ISO-ს დანერგვას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, შესაბამისად, ექსპორტზე გასვლა მოსალოდნელია 2026 წლისთვის“, - ამბობს Snacky-ის დამფუძნებელი.
ზური სამოილენკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში Snacky-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.
Snacky აქტიურად იყიდება სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა: ფრესკო, ნიკორა, გუდვილი, ევროპროდუქტი, ხოლო სულ მალე - დაახლოებით ერთ კვირაში - Snacky ხელმისაწვდომი იქნება ორ ნაბიჯშიც.
Snacky-ის წარმოება თბილისში, კერძოდ, ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს და კომპანიის მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს წარმადობის გასაზრდელად. საწარმოს ახალი დანადგარები ემატება, რაც საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქციის მოცულობა.
მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად, კომპანია უკვე 2026 წლიდან ექსპორტსაც განიხილავს. ახალი დანადგარების მონტაჟის შემდეგ საწარმოს ექნება თვეში 100 ტონა Snacky-ის წარმოების შესაძლებლობა.
Snacky მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც. რამდენიმე თვეა, კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა Snacky ახალი, ქრანჩი ტექსტურითა და განახლებული შეფუთვით.
Snacky - ეს არის 100% ნატურალური მიწისთხილის კარაქი, რომელიც ყოველდღიურ, ჯანსაღ სნექად იქცა მრავალი მომხმარებლისთვის.
Snacky-ის მისიაა ჯანსაღი წასახემსებლის კულტურის შექმნა. საწარმოში დაცულია ყველა შესაბამისი ნორმა და დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP.
სხვა სიახლეები
28.09.2025.14:07
იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.
გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება.
ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი.
უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ
კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.