Silk Road აქტიურად გეგმავს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტში გაფართოებას - Fitch Ratings
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ს (Silk Road) მიანიჭა „BB-“ სტაბილური პერპექტივით. რეიტინგი ეფუძნება Silk Road-ის მფლობელობაში არსებულ Silknet-ს, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მეორე უმსხვილეს ოპერატორს წარმოადგენს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს, ასევე მის პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და კაზინოს საქმიანობას. Fitch-ის შეფასებით, აღნიშნული ბიზნესები ქმნიან მნიშვნელოვან შიდა ფულად ნაკადს, რაც თავის მხრივ, საკმარისი იქნება Silk Road-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ახალი უძრავი ქონების პროექტების დასაფინანსებლად.
,,ჩვენ ველით, რომ Silk Road შეინარჩუნებს კორპორატიული მმართველობის მაღალ სტანდარტს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი დირექტორების წარმომადგენლობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ Silk Road-ის აქციონერები თავიანთი უმეტესად ერთობლივი აქტივების კონსოლიდაციას სწორედ Silk Road-ში ახორციელებენ, ჩვენ გვჯერა, რომ გარე აქციონერთა პროექტებთან დაკავშირებული რისკი შეზღუდულია. საბოლოოდ, Silk Road უმრავლესობაში ერთი ფიზიკური პირის კონტროლქვეშაა", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ვარაუდობს, რომ Silknet შეინარჩუნებს ძლიერ კონკურენტული პოზიციებს სტაბილურ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 5.8 მილიონი მობილური და 1.2 მილიონი საცალო ინტერნეტ-მომხმარებელი. საქართველოში ბაზრის უმეტეს ნაწილს ორი მსხვილი ოპერატორი Magticom და Silknet ფლობს, ხოლო მცირე მოთამაშეები მხოლოდ უმნიშვნელო წილს ინარჩუნებენ. მარეგულირებელის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში Silknet-ის ბაზრის წილი შემოსავლების თვალსზრისით მობილური კომუნიკაციების სეგმენტში 35%-ს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საცალო სეგმენტში 34%-ს შეადგენდა.
2025 წლის ივნისში Silknet-მა მოიპოვა მნიშვნელოვანი 5G სიხშირის რესურსი, რითაც წარმატებით აღმოფხვრა მანამდე არსებული სტრატეგიული ნაკლი კონკურენტებთან შედარებით. Fitch-ის შეფასებით, ამ ეტაპზე Silknet პრაქტიკულად თანაბარ პირობებშია კონკურენტებთან სიხშირის რესურსების თვალსაზრისით.
,,Silk Road აქტიურად გეგმავს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტებში გაფართოებას, რაც გარკვეულ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სარგებელს მოუტანს კომპანიას. უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სფეროში მომუშავე კომპანიებს უფრო მაღალი ლევერიჯის შენარჩუნება შეუძლიათ, ვიდრე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს. აღნიშნული პროექტები იგეგმება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უკვე სრულად Silk Road-ის საკუთრებაშია, რაც ჩვენი შეფასებით ამცირებს შესრულების რისკებს. თუმცა, ახალი უძრავი ქონების დეველოპმენტი ასევე შეიცავს რისკებს მათ შორის, ბაზარზე სუსტი მოთხოვნის მშენებლობის ხარჯების გადაჭარბებისა და დაგვიანების ნაწილში", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ვარაუდობს, რომ Silknet და არსებული ჰოსპიტალითი ოპერაციები გააგრძელებს ძლიერი ფულადი ნაკადების შექმნას, რომლის დიდი ნაწილი დაიხარჯება ახალი პროექტების განვითარებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.09.2025.12:50
„ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა - საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა", ეს გახლდათ იმ ორდღიანი კონფერენციის საგანი, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და DANSK Industri-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში უმასპინძლეს.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სოციალური პარტნიორების, პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული ფირმების, მედიატორების, არბიტრების, ადვოკატების, აკადემიური წრეების, ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების შესახებ სისტემური დიალოგის დაწყებას, მექანიზმების ანალიზს, სოციალურ პარტნიორების პოზიციების დაახლოებას და საცდელი/საპილოტე მოდელის შემუშავებას.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მოხდა შრომის სამართლის ექსპერტის - ზაქარია შველიძის მიერ მომზადებული კვლევის - „ინდივიდუალური შრომითი დავის ალტერნატიული გადაწყვეტა: სისტემის განვითარების გზამკვლევი„ პრეზენტაცია და ფართო აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც საერთაშორისო პრაქტიკის სათანადოდ გააზრება, ასევე ადგილობრივი პერსპექტივიდან გამოწვევების იდენტიფიცირება და მათ დასაძლევად შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა.
კონფერენციის მსვლელობისას Dansk Industi-ს და დანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ექსპერტებმა იორნ კემპელმა და ფილიპ ნორდენტოფტმა აუდიტორიას გამოცდილება შრომითი დავების გადაწყვეტის „დანიური მოდელის" და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ გაუზიარეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება და ეკონომიკურ საჭიროებებთან მისი უკეთ ადაპტირება. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზების ძიებას, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო დავების თავიდან აცილებისა და კომპანიებში დასაქმების პოლიტიკის უკეთ გააზრებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება არაა და ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობას უკვე აქვს ხელშესახები სარგებელი როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ტარდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Dansk Industri-ს ერთობლივი პროექტის „საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება: სოციალური დიალოგის, უნარებისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა" ფარგლებში.