სიახლე ბაზარზე - კომპანია "თაფლუნა" მომხმარებელს თაფლს ინოვაციურ ერთჯერად შეფუთვებში სთავაზობს
“თაფლუნა“ არის ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაახლოებით, წელიწად ნახევრის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს უჩა ჯიქურაშვილს ესაუბრა.
„ჩვენს ოჯახში მეფუტკრეობის ტრადიცია წინაპრებიდან მოდის. პირველი, ვინც ფუტკრის მოშენება დაიწყო, ჩვენი დიდი ბაბუა იყო. მას შემდეგ ეს საქმე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კომპანია დაარსდა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, ხოლო ქსელებში 5-6 თვის წინ შევედით.
ჩვენი წარმოება ოჯახურია, განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც ძირითადად სხვა მეფუტკრეებისგან იბარებენ თაფლს, რის გამოც ხარისხის კონტროლი რთულდება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ წარმოებაზეა დაფუძნებული. გვყავს დაახლოებით 700 ოჯახი და ვაწარმოებთ 10 ტონამდე თაფლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი: თავად ვაწარმოებთ, ვიცით პროდუქტის წარმოშობა და უშუალოდ ჩვენვე ვყიდით. წარმოებაში არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებსა და დანამატებს. ასევე ვაკონტროლებთ როგორც გამოწურვის პროცესს, ისე შემდგომ გადამუშავებას, რათა დაცული იყოს ყველა სტანდარტი “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
“თაფლუნა“ მომხმარებელს პროდუქციას სთავაზობს, როგორც ქილებში, ასევე პორტატულ/ერთჯერად პაკეტებში.
„ჩვენს საქმიანობას ორი მიმართულება აქვს: პირველი არის 15 გრამიანი ერთჯერადი პაკეტები, ხოლო მეორე სტანდარტული ქილები. ამ ეტაპზე ერთჯერადი პაკეტები მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. მათი შეფუთვა ისეთია, რომ გახსნისას ხელი არ ისვრება. მოთხოვნის თვალსაზრისით, ერთჯერადი პაკეტების გაყიდვები ოდნავ უსწრებს ქილების გაყიდვებს. გვჯერა, რომ როგორც კი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას წარვმართავთ, ცნობადობის ზრდასთან ერთად პაკეტებზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზრდება “, - აცხადებს უჩა ჯიქურაშვილი.
კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ყველაზე მთავარი კი პროდუქციის შეფუთვაა, რაც ერთჯერად, მოსახერხებელ პაკეტებს გულისხმობს.
„ჩვენ ვაწარმოებთ ერთჯერად პაკეტებს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთანაა ხელმისაწვდომი. მათი წარმოება მარტივი არ არის. შესაბამისი დანადგარი საკმაოდ ძვირადღირებულია. სწორედ ეს გვაძლევს ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას.
ერთჯერადი პაკეტების მთავარი უპირატესობა მობილურობა და მოქნილობაა. მომხმარებელს შეუძლია ჯიბეში ჩაიდოს, ოფისში წაიღოს და ჩაიზე ან ყავაზე გამოიყენოს. ოფისებში, სადაც ჩვეულებრივ შაქარს იყენებენ, მომხმარებელს ვთავაზობთ მის ჯანსაღ ალტერნატივას თაფლს, რომელიც ბუნებრივი დამატკბობელია და იმუნიტეტსაც აძლიერებს.
თაფლი შედგება მარტივი შაქრებისგან - გლუკოზისა და ფრუქტოზისგან. მისი მოხმარებისას გლუკოზა სწრაფად მიეწოდება ტვინს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონებრივი დატვირთვის დროს. სწორედ ამიტომ, თაფლი იდეალურია სტრესული და დაძაბული დღის შემდეგ ენერგიისა და კონცენტრაციის აღსადგენად.
გარდა ამისა, თაფლი საუკეთესოა როგორც PRE, ასევე PRO WORKOUT-ისთვის. ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე მიღებული პაკეტი ენერგიას მატებს ადამიანს, ხოლო ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღდგენაში ეხმარება. პაკეტების გამოყენება კომფორტულია პიკნიკების და ლაშქრობების დროსაც.
ფასის მხრივ, პაკეტები დიდად არ განსხვავდება ქილებისგან, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც პაკეტებზე გვაქვს. ქილები დავამატეთ იმისთვის, რომ შეგვედარებინა მათი გაყიდვები ერთჯერადი პაკეტების გაყიდვებთან “, - განმარტავს უჩა ჯიქურაშვილი.
კომპანიის სამომავლო გეგმებში საცალო ქსელების, სასტუმროებისა და სპორტ დარბაზების ათვისება შედის. ამ მიმართულებით კი მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავითვისოთ საცალო ქსელები და რაც შეიძლება ბევრ მათგანში ვიყოთ წარმოდგენილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან კომფორტულია სასტუმროებისთვის, ამიტომ ვგეგმავთ მათთვის შეთავაზებას და ამ მიმართულების განვითარებას. ასევე, დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩაისა და ყავის სახლებში, სპორტულ დარბაზებში. ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანთან უკვე გვაქვს კომუნიკაცია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა ქსელებში. ესენია : „წისქვილი ბაზარი“, „ფრესკო“, OnePrice Georgia , „ევროპროდუქტი“, „წერტი“.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.09.2025.15:08
13 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს სამწლიანი პროექტის საბოლოო ეტაპს, რომელიც ასევე მოიცავდა არქიტექტორისადმი მიძღვნილ გამოფენებს თბილისში და ქუთაისში, 2022–2023 წლებში.
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრეს: დიმიტრი ერისთავმა, ლევან კალანდარიშვილმა და მანანა არაბულმა.
ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითიც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.
წიგნის სამუშაო ჯგუფი:
რედაქტორი: დიმიტრი ერისთავი
ტექსტი: ლევან კალანდარიშვილი, დიმიტრი ერისთავი, ქეთევან ჯანანაშვილი
ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე
დაიბეჭდა IMAK PRESS, ISTANBUL / 2024
წიგნი გამოიცა თიბისის მხარდაჭერით. 2022 წლის საგამოფენო პროექტის ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე ფარგლებში. კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,
კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N7. თბილისი, საქართველო.
წიგნის გამოცემის პარტნიორია : კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი