შესაძლოა, 2025 წელს ახალ ბაზრებზე გავიდეთ, არის ინტერესი ესპანეთიდან, ინგლისიდან და აზიის ქვეყნებიდან - „დერგის“ დამფუძნებელი
რესტორნების ქსელის „დერგის“ დამფუძნებელი ეკა რუხაძე, კომპანიის საქმიანობას მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს.
„2023 წლის ნოემბერში „დერგის“ პირველი ფილიალი გავხსენით გერმანიაში, ხოლო 2024 წლის სექტემბერში პრაღაში. სექტემბრიდან-სექტემბრამდე ერთ წელიწადში გვქონდა რესტორნის 4 ფილიალი, ღვინის ორი ხაზი და 5 მედალი. პირველი „დერგი“ კახეთში გავხსენით, მეორე გერმანიაში, მესამე თბილისში, ხოლო მეოთხე ჩეხეთში“, -აცხადებს Business Insider Georgia-სთან „დერგის“ დამფუძნებელი.
ეკა რუხაძის შეფასებით ბრენდის კონკურენტული უპირატესობაა ჯანსაღი, გემრიელი, ნატურალური, აუთენტური სამზარეულო.
„სწორედ ამით ვართ საინტერესო ჩვენი მომხმარებლისთვის და ჩვენი რესტორნების სტუმრებს ყოველთვის სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ. ევროპის ბაზარზეც ეს ნიშა გვაქვს. ვთავაზობთ ქართულ მენიუს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გემოები შევინარჩუნოთ“, - აცხადებს „დერგის“ დამფუძნებელი. მისი თქმით გერმანიაში „დერგის“ ფილიალში გაყიდვები სტაბილურია და წინასწარი ჯავშნის გარეშე სტუმრები რესტორანში მაგიდას ვერ იკავებენ. „მაღალი აქტივობაა პრაღის რესტორანშიც. გახსნიდან ორ კვირაში რესტორანი გაივსო და აქაც უკვე წინასწარი ჯავშნებია საჭირო. მაღალი მოთხოვნაა ქართულ სამზარეულოზე“, - აღნიშნავს ეკა რუხაძე.
2025 წელს შესაძლოა, „დერგი“ ახალ ბაზრებზე გავიდეს.
„გერმანიასა და ჩეხეთში ჩვენმა გასვლამ გამოიწვია დიდი ინტერესი. უკვე თვითონ გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ესპანეთთან და დიდ ბრიტანეთთან. შემოთავაზებები გვაქვს აზიიდანაც, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. ამ დროისთვის შემოთავაზებების დამუშავების პროცესში ვართ. გვაქვს სურვილი, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ“, - აცხადებს „დერგის“ დამფუძნებელი.
რესტორანი „დერგი“ 2021 წელს კახეთში, სოფელ ნუკრიანთან გაიხსნა. რესტორანი სხვადასხვა კონცეფციისა და დანიშნულების სივრცეებს აერთიანებს. კერძოდ, მარანს, დუქანს და ა.შ. რესტორანს აქვს მრავალფეროვანია მენიუ.
საგულისხმოა, რომ „დერგი“ არის პირველი ქართული რესტორნების ქსელი, რომელიც ფრანჩაიზით ევროპის ბაზარზე გავიდა.
სხვა სიახლეები
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
07.12.2025.13:22
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.