შენ არასდროს ივლი მარტო - გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
გიორგი მამარდაშვილისთვის ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი - მერსისაიდული კარიერა უკვე ოფიციალურად დაიწყო. ახალგაზრდა მეკარე „ლივერპულის“ ფეხბურთელია. 14-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელი კვლავ გამოჩნდა - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში და საკუთარი ისტორიის წერას იწყებს.
ლეგენდარულ „ენფილდამდე“ გზა გიორგიმ თიბისისთან ერთად გაიარა; ლივერპულის ქუჩებში გაეცნო ქალაქს, გულშემატკივრებს და ამ საინტერესო თავგადასავალმა კიდევ ერთხელ გაუმყარა რწმენა, რომ ეს ის ადგილია, სადაც არასდროს ივლი მარტო.
საკომუნიკაციო ვიდეოში, რომელიც თიბისიმ გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციის ფარგლებში მოამზადა და სადაც მამარდას ენფილდისკენ მიმავალი გზაა ასახული, ქართველი მეკარე პირველად, რუკისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ცდილობს გაიკვლიოს გზა ლივერპულში და „ენფილდამდე“ მივიდეს. მაყურებელი მამარდას პირველი ლივერპულური ნაბიჯების თანამონაწილე ხდება - მასთან ერთად ეცნობა ქალაქს და იმუხტება პირველი ემოციებით - ის ხომ პირველად მიდის ენფილდ როუდზე.
თიბისისა და მამარდას კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. გიორგი მამარდაშვილის კარიერა, მისი აქამდე განვლილი გზა, ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის შთამაგონებელი, სამაგალითო და რწმენის მიმცემია, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია; ხოლო მისი „ლივერპულში“ ხილვა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია გჯეროდეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:00
„ქართული ზეთისხილი“, რომელიც ბაზარზე Geolive-ს ბრენდით ოპერირებს, მიმდინარე წელს მოსავლის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, ზეთისხილის კრეფის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. კომპანიის მოლოდინით, წელს საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 700–800 ტონა ზეთისხილის აღება იგეგმება.
მისი თქმით, მოსავლიანობა ხის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ზეთისხილის ბაღები, ჯამში 100 ჰექტარზე. გარდა ამისა, „ქართული ზეთისხილი“ იბარებს სხვა ფერმერებისა და კომპანიების მიერ მოწეულ ნაყოფსაც და ახორციელებს მის გადამუშავებას. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სხვადასხვა მეპატრონეთა საკუთრებაში დამატებით 2 500 ჰექტარზე გაშენებული ბაღებია.
„ასევე გვაქვს მომსახურება, რომლის ფარგლებში ფერმერები და კომპანიები ჩვენს საწარმოში წურავენ ზეთს და შემდეგ საკუთარ სახელით ყიდიან. თუმცა ბაზარზე დამკვიდრება მარტივი არ არის, რის გამოც მრავალი მათგანი საბოლოოდ მაინც გვაბარებს მოსავალს და პროდუქციას ჩვენს მეშვეობით ყიდის. ამჟამად ჩვენი ზეთისხილის ზეთი იყიდება „კარფურში“, „ფრესკოში“ და „ევროპროდუქტში“. საკუთარ მაღაზიები გვაქვს გორგასლის N77-ში და აბაშიძის N44-ში,“ – აცხადებს ნელი გეთიაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია მომხმარებელს პირველადი ფასებით მიეწოდება, გაყიდვების ზრდამ კი თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნის აუცილებლობა განაპირობა.
„2025 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, გაყიდვები 70%-ით არის გაზრდილი. უკვე შევნიშნეთ, რომ მომხმარებელმა ისწავლა ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. თავადაც ვუწევთ კონსულტაციებს გაყიდვების დროს და ვუხსნით, რომ ჩვენი ზეთი პრემიუმ ხარისხის Extra Virgin კატეგორიას მიეკუთვნება და პირველადი ცივი დაწურვით მიიღება. ჩვენი პროდუქტის მჟავიანობა არის მხოლოდ 0.2%, რაც იმ დროს, როდესაც Virgin-ის ზეთის მაქსიმალური დაშვებული მჟავიანობა 0.8%-ია, განსაკუთრებული ხარისხის მაჩვენებელია. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელს ჰგონია, რომ ეტიკეტზე არსებული სიტყვა Virgin ავტომატურად ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის - კონტრკეტიკეტზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ზეთის ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს,“ - განმარტავს გეთიაშვილი.
მისივე თქმით, მათი კონსულტაციებისა და შეთავაზებების შედეგად გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნაა საქართველოში გამოყვანილ ზეთისხილის ნერგებზე. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი სანერგე მეურნეობიდან ნერგების ექსპორტი უკვე განხორციელდა აზერბაიჯანში. მიმდინარე წელს სანერგეში 400,000 ნერგი გამოიყვანეს, რომელთა რეალიზაცია შემოდგომაზე დაიწყება. ზეთისხილის გადარგვის სეზონი კი ნოემბრიდან იწყება.