შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში - ვახტანგ ჟვანია
იუსტიციის სახლებში შემოსავლების სამსახურის სერვისების ინტეგრაცია იწყება. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, იუსტიციის სახლში მოხდა შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისის ეტაპობრივი დამატება. პირველ ეტაპზე კი 86 ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება გახდება ხელმისაწვდომი, რაც საერთო სერვისების რაოდენობას 1000-ზე მეტად გაზრდის.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით იუსტიციის სახლსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გახდა საწინდარი იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში. პირველ ეტაპზე მოხდება 86 სერვისის ინტეგრაცია, რაც ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული სერვისებია შემოსავლების სამსახურისა და საბოლოო ჯამში ამის ბოლო წერტილი იქნება ის, რომ იუსტიციის სახლებში სერვისების რაოდენობა გაორმაგდება, გახდება 1000-ზე მეტი. რაც ავტომატურად ზრდის იუსტიციის სახლის დატვირთვას და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ დატვირთვას იუსტიციის სახლმა უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე - ვახტანგ ჟვანია
23.03.2026.14:30
იუსტიციის სახლი ინოვაციურ განვითარებას აძლიერებს. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უწყება აქტიურად ტესტავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარებისთვის, რაც მოქალაქეთა ნაკადების უკეთ მართვას და სერვისების უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს.
„ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნა იმითაც იყო საყურადღებო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად გაუსვა ხაზი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობას იუსტიციის სახლებში. ეს ის მიმართულებაა, რომელზეც იუსტიციის სახლი უკვე ბოლო პერიოდია მუშაობს აქტიურად. ჩვენ ვტესტავთ, სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ რამდენიმე მიმართულებას, რითაც გვინდა, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ და განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარება გვინდა. შარშანდელ სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, აღმოაჩენთ, რომ 6 მილიონამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ. აქედან გამომდინარე, თვითმომსახურების სივრცეების განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ნაკადები კიდევ უფრო კარგად ვაკონტროლოთ, ასე ვთქვათ, და რეალურად იმ მოქალაქეებს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები, ვთქვათ მან თვითონ მიიღოს სერვისი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ.
როგორც ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უახლოეს პერიოდში AI ტექნოლოგიები ჩატსა და სატელეფონო ცენტრში ამოქმედდება, რაც სერვისების მიწოდებას დააჩქარებს და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
„მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან მალე გამოვიყენებთ ჩატის ნაწილში, ასევე სატელეფონო ცენტრის მუშაობის ნაწილში, რაზეც თითქმის უკვე დასრულებული გვაქვს სამუშაო პროცესი. ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე, რათა ბევრად უფრო სწრაფი იყოს სერვისი ჩვენთან და ბუნებრივია ხარისხი შევინარჩუნოთ“, - განმარტა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ.