შაქრის ბაზარზე უკონკურენტო გარემოა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა - იმპორტიორის შეფასება
ერთი თვეც არ არის, რაც შაქრის იმპორტზე გადასახადი დაწესდა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა.
კერძოდ, 2023 წლის 11 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმპორტის საფასურის დაწესების შესახებ, რასაც ბაზარზე მყისიერად მოჰყვა რეაგირება.
ამ დროისთვის 1 ტომარა შაქრის ფასი საბითუმო ბაზარზე დაახლოებით 7%-ით არის გაძვირებული, თუმცა პროდუქტი გაცილებით ძვირია და საცალო გაყიდვების ქსელში და ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, თუკი გადასახადის დაწესებამდე 1 ტომარა შაქრის ღირებულება 118 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 126 ლარია. რაც შეეხება სუპერმარკეტების ფასს, 1 კგ. შაქრის ღირებულება დაახლოებით 1 თვის წინ 2,35 ლარი იყო, დღეს ფასმა 2,80 ლარიან ნიშნულს მიაღწია.
ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია, რომელიც შაქრის იმპორტიორების TOP- ათეულშია, აცხადებს, რომ გადასახადის დაწესებამ ბაზარზე უკონკურენტო გარემო შექმნა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა.
„სამომხმარებლო ბაზარზე შაქარი მკვეთრად არის გაძვირებული, რაც პირდაპირ უკავშირდება გადასახადის დაწესებას, რის გამოც კომპანიები აღმოჩნდნენ უკონკურენტო ვითარებაში.
ჩვენ იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვაწარმოებდით, ბოლო პერიოდში იძულებული ვართ ერთადერთი კომპანიისგან ვიყიდოთ პროდუქტი - ,,აგარის" ქარხნისგან, რომელიც დღეს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა. სანამ დისტრიბუციამდე მივა პროდუქტი, ფაქტობრივად ორჯერ არის გაძვირებული იმასთან შედარებით, რა ფასადაც დისტრიბუცია ყიდულობს და ყიდის", - აცხადებს იმპორტიორი.
რაც შეეხება ,,აგარის" ქარხნის პოზიციას, Busienss Insider Georgia შეეცადა მისი არგუმენტიც მოესმინა, თუმცა ჩვენთან საუბრისას ქარხნის დირექტორმა ალხან ალიზადემ განაცხადა, რომ გამოცემის კითხვებს მოგვანებით უპასუხებს.
როგორც კი შესაბამის ინფორმაციას მივიღებთ, Busienss Insider Georgia ოპერატიულად შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.
1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური 400 ლარი გახდა.
მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.