სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი მოსწავლეებისთვის იწყებს პროექტს - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის იწყება პროექტი, სახელწოდებით „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა 5 საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“.
პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ პირველად 2024 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 5 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ 15 მოსწავლეს საჩუქრად პორტატული და პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. ამასთანავე, მათთვის მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.16:36
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. მიმდინარე წელს დამტკიცებულ პროგრამას ერთწლიანი ვადა აქვს და ითვალისწინებს 50 მილიონი მოცულობის ეკვივალენტი ბონდების განთავსებას დოლარში, ევროსა და ლარში.
ტრანზაქციის ვადიანობა ორი წელია. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესებული 8%-ია. სარგებელს ინვესტორები ექვს თვეში ერთხელ მიიღებენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა“ კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე წელსაც აქტიურია. ამჯერად, ჩვენს პარტნიორთან „გალტ & თაგარტთან“ ერთად, 10-მილიონიანი ტრანში განვახორციელეთ გაუმჯობესებული 8%-იანი განაკვეთით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალ სანდოობაზე კომპანიისა და მისი სამომავლო ხედვების მიმართ. დაინტერესება კვლავაც დიდია და აქვე ხაზგასასმელია, რომ, ახალ ინვესტორებთან ერთად, ობლიგაციების უმრავლესობა იმ პირების მფლობელობაშია, რომლებმაც „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდები 2023 წელსაც შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს ჰოლდინგის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ და კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.
რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობას, მოზიდული კაპიტალი ორი წლის წინ განხორციელებული ემისიის რეფინანსირებას მოხმარდა“.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ობლიგაციები 66-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 29 არარეზიდენტია. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდებით 3 კერძო კომპანია დაინტერესდა.
საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის წელს ეს უკვე მეორე ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი ამჯერად „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მერვე წარმატებული ემისიაა.
გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური პარტნიორობით განათავსა. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ინტერესი, რომელიც ობლიგაციების მიმართ ინვესტორებმა გამოიჩინეს. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ ძლიერ პოზიციებს ბაზარზე, ასევე ინვესტორების ნდობას როგორც „თეგეტას“, ისე „გალტ & თაგარტის“ მიმართ. ჩვენთვის საამაყოა, რომ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციებს წარმატებულ ემისიებს“.
ამჟამინდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს“ განთავსებული აქვს 215 მილიონი ლარის, 38მილიონი აშშ დოლარისა და 19 მილიონი ევროს ობლიგაციები.
„თეგეტა“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის ემზადება — კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქტივობა სწორედ წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.