საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგანაც თბილისსა და ქუთაისში გვემატება ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები - Turebi.Ge
საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგანაც თბილისსა და ქუთაისში გვემატება ახალ-ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Turebi.Ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინი ადამიამ განაცხადა. მისი განმარტებით, იზრდება ასევე შობა-ახალი წლის პერიოდის უცხოეთში გატარებაზე მოთხოვნა, სადაც ევროპა უპირობო ლიდერია.
„საშობაო ბაზრობების კუთხით მოთხოვნა გვაქვს ევროპის მიმართულებებზე - აქტიური მოთხოვნაა პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის მიმართულებაზე. ასევე მოთხოვნაა პარიზის დისნეილენდზეც, რადგან ამ პერიოდში პარიზში და მით უმეტეს დისნეილენდში ზღაპრული გარემოა. რაც შეეხება პაკეტების ღირებულებას - დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წელს იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის Black Friday-ს ფასდაკლებებია და ავიაკომპანიებიდან შემოთავაზებებია, საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ მგზავრები“, - განმარტავს ნინი ადამია.
Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი წლის შესახვედრად ქართველები ევროპის გარდა თბილ ქვეყნებსაც აქტიურად ირჩევენ.
„მოთხოვნა ისევ ევროპის ქალაქებზეა, თუმცა წელს აქტიურია მოთხოვნა ეგვიპტეზე, დოჰაზე. გეტყვით, რომ ამ პერიოდში ტაილანდში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასვენებაზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა.
ევროპაში დასვენება უფრო ბიუჯეტურ ფასებშია შესაძლებელი, ვიდრე თბილ ქვეყნებში, თუმცა თბილ ქვეყნებში ტურისტებისთვის all-inclusive დასვენება და თბილისიდან ფრენები არის შეთავაზებული.
საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგანაც თბილისსა და ქუთაისში გვემატება ახალ-ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოთხოვნას ზრდის. რაც უფრო მეტი ავიაკომპანია შემოდის ჩვენს ბაზარზე და ახალი მიმართულებები გვემატება, კონკურენციისა და ფასების დასტაბილურების კუთხით უკეთესია. თუ მანამდე შვეიცარიასა და ბრიტანეთში პირდაპირი ფრენები არ გვქონდა, წელს უკვე შეგვიძლია ჟენევასა და ლონდონში გავფრინდეთ. ასევე, თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნა რომიდან და მილანიდან - ეს ყველაფერი კი ფასებს ასტაბილურებს“, - ამბობს Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.
სხვა სიახლეები
Lulu სერვისების გაფართოებას და ქეითერინგის დამატებას გეგმავს
03.03.2026.12:00
LULU ევროპული სამზარეულოს კონცეფციით შექმნილი რესტორანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia რესტორნის მენეჯერს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დავიწყეთ და თავიდანვე ყურადღება მივანიჭეთ არა ტურისტულ ნაკადს, არამედ ლოკალურ ბაზარს. რესტორანი ვაკეში, ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს.
რესტორან LULU-ს კონცეფცია ეფუძნება ევროპულ სამზარეულოს, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროდუქტის ხარისხზე. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით „à la minute“ - კერძების გამზადება იწყება შეკვეთის მიღებისთანავე, მენიუს განახლება ხდება სეზონურად და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ინგრედიენტების ბუნებრივ გემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი სოუსებით არ გადავფაროთ, არამედ წარმოვაჩინოთ მისი ნატურალური გემო და თვისებები.

ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ნედლეულს: ავსტრალიურსა და ამერიკული საქონლის ხორცს, ახალზელანდიურ ცხვრის ხორცსა და სტეიკებს, ნორვეგიულ ორაგულს და ფრანგულ ხამანწკებს. ამასთანავე, ბოსტნეულსა და მწვანილს, სეზონის მიხედვით შეძლებისდაგვარად ვიძენთ ადგილობრივ ბაზარზე.
ცალკე მიმართულება, რომელზეც მინდა ვისაუბრო არის ღვინისა და ბარის კულტურა. გვაქვს ღვინის ფართო არჩევანი, სხვადასხვა საფასურის კატეგორიები, ასევე, ჩვენს გუნდში მუშაობს პროფესიონალი სომელიე, რომელიც სტუმრებს ეხმარება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინის გაცნობასა და იდეალური გასტრონომიული კომბინაციების შერჩევაში.

ჩვენს მენიუში წარმოდგენილია უალკოჰოლო კოქტეილების ხაზიც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება ალტერნატივად და თანამედროვე ბარის კულტურის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად მიიჩნევა.
სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გემოთა კომბინაციებს, ახალ ინგრედიენტებსა და გამორჩეულ პრეზენტაციას. ხშირად მათი გარჩევა კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილებისგან თითქმის შეუძლებელია.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში დავინახეთ ბაზრის ტრანსფორმაცია. თუ ადრე თბილისი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ექსპატების აუდიტორიაზე, დღეს ბაზარი უფრო ლოკალური გახდა. ადგილობრივი სტუმრების წილი იზრდება, ხოლო ტურისტული და ექსპატური ნაკადი თანდათან მცირდება.
ზაფხულის პერიოდში ტრადიციულად იზრდება ტურისტული აქტივობა. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა სტუმრების რაოდენობა თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში ეროვნულ სამზარეულოზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა, ევროპული სამზარეულოც მოთხოვნადია.

ამასთანავე, მოთხოვნა ჩვენს შემთხვევაში სტაბილურია. მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-იან თვიურ ზრდას ვაფიქსირებთ. ეს ორგანული დინამიკაა, რომელიც ძირითადად მუდმივი აუდიტორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტი და ის სტანდარტები, რომელთა დათმობასაც არ ვაპირებთ. არ ვცდილობთ თვითღირებულების შემცირებას ნედლეულის ხარისხის ხარჯზე. პირიქით, შეგნებულად ვირჩევთ უფრო ძვირადღირებულ მომწოდებლებს, რათა შევინარჩუნოთ სამზარეულოს სტაბილურად მაღალი დონე და ხარისხი.
მიუხედავად მაღალი შესყიდვის ღირებულებისა, ვინარჩუნებთ სამართლიან ფასებსა და დიდ პორციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს სრული სადილი ან ვახშამი და იგრძნოს, რომ მიღებული ხარისხი მის გადახდილ თანხას სრულად შეესაბამება. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადგილი, სადაც მთავარი არის გემო და პროდუქტი ზედმეტი „ფენსი“ ელემენტებისა და დემონსტრაციული კონცეპტუალობის გარეშე.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კომპლექსური გასტრონომიული გამოცდილება -ეს არ არის მხოლოდ ვახშამი, არამედ სამზარეულოს, სერვისის, ღვინისა და ატმოსფეროს ერთობლიობა. თბილისის მაცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი გამოცდილებითა და გემოვნური კულტურით - ისინი ხშირად მოგზაურობენ, ნამყოფი არიან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და სურთ საკუთარ ქალაქშიც მიიღონ შესაბამისი ხარისხის სამზარეულო და სერვისი.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორიენტაცია გლობალურ ტრენდებზე: როგორც აღვნიშნეთ, რესტორან LULU-ს უკვე აქვს მოკტეილებისა (უალკოჰოლო კოქტეილები) და უალკოჰოლო ღვინოების მენიუ, რომლის გაფართოებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
ჩვენ დეტალურად ვაანალიზებთ ბაზარს და გადაწყვეტილებებს ფრთხილად ვიღებთ. მეორე ლოკაციის გახსნის შესაძლებლობას განვიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სტაბილურობასა და ზოგად საბაზრო ვითარებაზე.
პარალელურად ვგეგმავთ დამატებითი მიმართულებების განვითარებას. უახლოესი მომავლის გეგმებში შედის ქეითერინგის სერვისის დანერგვა კერძო და კორპორაციული ღონისძიებებისთვის: დაბადების დღეები, ქორწილები და გასვლითი ღონისძიებები. ეს ჩვენი გასტრონომიული შეთავაზების ლოგიკური გაფართოებაა.
ასევე განვიხილავთ ახალ კონცეფციებს, რომლებიც ამ ეტაპზე ლოკალურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. მაგალითად, საინტერესოა Nikkei ფორმატი - პერუ-იაპონური სამზარეულო. თუმცა გვესმის, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ ტრადიციულია და მსგავსი პროექტების დანერგვას და განხორციელებას სჭირდება გააზრებული და დაბალანსებული მიდგომა.
ინფორმაციისთვის: Lulu Tbilisi მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 85 ნომერში.
