სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისი თუთუ კილაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
სილქ ჰოსფითალითი და სილქნეტი ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად რადისონ ბლუ თბილისში მხატვარ თუთუ კილაძის გამოფენას წარადგენს.
თუთუ კილაძის შემოქმედება მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და სახასიათო ხელწერით ხასიათდება. თავად მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს რომელიმე კონკრეტულ სტილს არ მიაკუთვნებს, ცდილობს მრავალფეროვანი იყოს და სხვადასხვა მასალა მოსინჯოს. ძირითადად, ზეთის საღებავებით ხატავს, თუმცა ფერადი ფანქრების, გუაშებისა და აკვარელების გარდა კერამიკაზე მუშაობაც სცადა. თუთუს ფერწერული ტილოები ნოველებს წააგავს, რომლებიც ზღვისპირა ქალაქების, ლურჯი ტალღებისა და მათზე მოქანავე გემების, ფერადი მინდვრების, აყვავებული ხეების, მოციმციმე აუზების, უცნაური ადამიანებისა და ზღაპრული ცხოველების შესახებ მოგვითხრობენ.
“რადისონ ბლუ ივერიას საგამოფენო სივრცეში გამოფენილია ჩემ მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერა და კერამიკული ფილები. ძალიან მიყვარს ზღვა და ხშირად ვიმეორებ ამ თემატიკას ჩემს ნახატებში. ასევე ნახავთ ფილებს - ნაწილი ვეხისტყაოსნიდანაა, რომლის ილუსტრაციაც დამატებით გავაკეთე და იმედია წიგნიც მალე გამოვა. ინსპირაციას ყოველდღიურობისგან ვიღებ - ურთიერთობებისგან, სეირნობისგან... ხატვას პირდაპირ ფერით ვიწყებ და მერე საითაც წამიყვანს განწყობა, მივყვები. პროცესში ყოველთვის რაღაცას აღმოვაჩენ. რაც შეეხება კერამიკას, ბევრად საინტერესო პროცესია, რადგან არ იცი საბოლოო შედეგი რა იქნება- სიურპრიზივითაა. ამ საგამოფენო სივრცეში დახრილი კედლებია და ესეც თავისებურობას მატებს გამოფენილ ნამუშევრებს. თითქოს ნახატები ჰაერშია ჩამოკიდებული, შესაბამისად, მსუბუქი და ლამაზი ექსპოზიცია გამოვიდა.“ - თუთუ კილაძე, მხატვარი.
“თუთუს ხელწერა, სტილი გამორჩეულია და თითქმის ყოველთვის გახვედრებს, ვის ეკუთვნის ნახატი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ საინტერესო მხატვრებს, რათა უცხოელი სტუმრებისთვის ჩვენი სასტუმროების სივრცეებში ქართული მხატვრობა გავაცოცხლოთ. ვფიქრობ, თუთუ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვარია და მისი გამოფენაც მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ფერებით გამოირჩევა.” - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი.
თუთუ კილაძის ნამუშევრები რადისონში 20 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. სილქნეტისა და სილქ ჰოსფითალითის თანამშრომლობით, თბილისისა და წინანდლის საექსპოზიციო სივრცეები სისტემატიურად ეთმობა ქართველი არტისტების შემოქმედებას. სასტუმრო რადისონში გასულ წლებში ლევან ჭოღოშვილისა და ზურა აფხაზის ნამუშევრები გამოიფინა.
სხვა სიახლეები
არდი: ჩვენ დაზღვეულებს პოლისის შეძენა უკვე ბიტკოინითაც შეუძლიათ
21.04.2026.18:27
სადაზღვევო კომპანია არდიში აცხადებენ, რომ იწყებენ კრიპტოვალუტით, მათ შორის ბიტკოინით, გადახდების მიღებას. ამ ნაბიჯით კომპანიას ინოვაციური სადაზღვევო ფინანსური სერვისების კუთხით (Insuretech) სიახლეების დანერგვას აგრძელებს.
არდის გადაწყვეტილება ასახავს გლობალურ ტენდენციას, რომლის ფარგლებში ტრადიციული საფინანსო ინდუსტრიები სულ უფრო მეტად ითვისებენ ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურას. ბიტკოინის ინტეგრაცია საგადახდო სისტემაში კლიენტს ანიჭებს მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას - განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც კრიპტოვალუტა უკვე ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტია.
სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ახალი, ისე განახლებადი პოლისებისთვის. გადახდა განხორციელდება უსაფრთხო, გამჭვირვალე და სწრაფი ტრანზაქციის გზით, კრიპტო ექვივალენტის ავტომატური კონვერტაციით.
ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია არდის განახლებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ არამხოლოდ არსებულ კლიენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ახლა პირველად გადაწყვეტს არდის დაზღვეულთა რიგებს შეუერთდეს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებული მომხმარებლებისთვის
თუ სარგებლობთ უკვე არდის მობილური აპლიკაცია გთხოვთ განაახლოთ App Store-იდან ან Google Play Store-იდან.
"დიდი ხანია კომპანიის საგადახდო სისტემებში აღნიშნული სიახლის დამატება გვინდოდა და ბოლო თვეებში საცდელ გარემოში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეიდან „არდიში“ ბიტკოინით გადახდა უკვე შესაძლებელია”. - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე, არდის გენერალური დირექტორი.