სასტუმრო ინდუსტრიაში ვაკანსიების მართვა უფრო მარტივი გახდა – „რადარმა“ ახალი ფუნქციონალი წარადგინა
„რადარის“ ეკოსისტემას ახალი ფუნქციონალი – „ვაკანსიები“ დაემატა. სიახლის ფარგლებში პლატფორმაზე ინტეგრირდა სპეციალური გვერდი, სადაც სასტუმროებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ საკუთარი ვაკანსიები და მართონ კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი ერთიან სისტემაში.
როგორც „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე განმარტავს, პლატფორმის ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს დასაქმების პროცესის გამარტივებას და გააძლიერებს კავშირს პროფესიონალ კანდიდატებსა და დამსაქმებელ სასტუმროებს შორის.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ სასტუმრო ინდუსტრიისთვის ეს არის საკმაოდ მსხვილი და აქტუალური გამოწვევა. ჩვენ გვესმის, რომ სტუმარმასპინძლობა არის ძალიან ცოცხალი, ორგანული პროცესი, რომელიც დიდი რაოდენობით ადამიანურ რესურსს მოითხოვს – მიუხედავად ციფრული საუკუნისა ჯერ კიდევ გვჭირდება ვიყოთ მაქსიმალურად კომუნიკაციაში ჩვენს სტუმრებთან და მომხმარებლებთან. შესაბამისად, ადამიანური რესურსების შევსება ჩვენთვის დიდი გამოწვევა.
დღევანდელ სამყაროში, როცა სერვისების დიჯიტალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, მაღალი ტექნოლოგიური უნარების მქონე ადამიანები მარტივად ტრანსფორმირდებიან ამ სფეროში. ამავდროულად, რჩება დიდი სივრცე იმისთვის, რომ ინტელექტუალურად დატვირთული ახალგაზრდები დავიტოვოთ სექტორში. დღეს გვაკლია ძალიან ყოჩაღი ახალგაზრდები და ეს დეფიციტი განსაკუთრებით იგრძნობა მსხვილი ბიზნეს ოპერატორების – სასტუმროებისა და რესტორნებისთვის – მხრიდან, რომლებსაც დიდი რაოდენობით დასაქმებული კადრი სჭირდებათ.
ამ გამოწვევების საპასუხოდ შევქმენით სპეციალური გვერდი და დავამატეთ „რადარის“ პლატფორმაზე. აქ სასტუმროს მარტივად შეუძლია განათავსოს ნებისმიერი ვაკანსია, რომელიც ინდუსტრიაში სჭირდება. მომხმარებელმაც ზუსტად იცის, რომელ დამსაქმებელს, რომელ ვაკანსიაზე, სად და ერთ კონკრეტულ წერტილში უნდა მიმართოს. აღარ უწევს ცალკე თითოეული სასტუმროს ძებნა სხვადასხვა საიტებზე, რაც ხშირად იწვევს ინფორმაციის დაკარგვას და შესაძლებლობების გამოტოვებას.
„რადარის“ საშუალებით შევძელით ის, რომ დავამატეთ სპეციალური გვერდი, სადაც კონცენტრირებულად ყველა სასტუმრო, რომელსაც სურს ვაკანსიის განთავსება, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე აქვეყნებს ვაკანსიას. აპლიკაციები პირდაპირ ვარდება მის პირად ჩატში. ამით ავარიდებთ კომპანიებსა და სასტუმროებს იმ გრძელ, შრომატევად პროცესს, როგორიც არის რეზიუმეების დახარისხება და კლასიფიკაცია. ამ პროცესს მთლიანად ჩვენი პლატფორმა იღებს თავის თავზე“, – აცხადებს მაია მახათაძე.
„რადარის“ დამფუძნებელი, რომელსაც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნავს, რომ დღეს სასტუმრო ბიზნესში ვაკანსიები ძირითადად საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციებზეა.
„ყველაზე მეტად დეფიციტურ ვაკანსიებად რჩება საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციები – იქ, სადაც გვჭირდება ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობენ სტუმრებთან და მომსახურების სხვადასხვა საფეხურებთან. ისინი პირდაპირ ემსახურებიან ჩვენს სტუმრებს. ამიტომ სწორედ ამ რგოლებშია დეფიციტი ყველაზე ინტენსიური“, – აცხადებს მაია მახათაძე.
აღსანიშნავია, რომ „რადარის“ ციფრულ ეკოსისტემაში დამატებულ გვერდზე – „ვაკანსიები“, სასტუმროებს შესაძლებლობა აქვთ ატვირთონ საკუთარი ვაკანსიები პირდაპირ პლატფორმაზე, მიიღონ დაინტერესებული კანდიდატების აპლიკაციები პირად კაბინეტში და მართონ კანდიდატების ნაკადი ერთიანი და ორგანიზებული სისტემით.
სხვა სიახლეები
05.09.2025.21:00
მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ამირან მამუჭაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.