„საქკაბელი“ გლობალური ბაზრების ათვისებას განაგრძობს
„საქკაბელი“ თავისი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების პარალელურად საექსპორტო არეალსაც ავითარებს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ყაზახეთში განახორციელა.
ყაზახეთში განხორციელებული პირველი მიწოდება მოიცავდა NAYY ტიპის ალუმინის ძალოვან კაბელებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად და განაწილებისთვის შენობებში, ინფრასტრუქტურულ და სამრეწველო ობიექტებში.
როგორც კომპანიის მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე განმარტავს, აღნიშნული გადაზიდვა კომპანიის საექსპორტო სტრატეგიის ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
“სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურითა და ენერგეტიკული სექტორით, ყაზახეთი ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს და იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული „საქკაბელის“ პროდუქციით შევიტანოთ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატში ჩვენი პროდუქციის პირველი ექსპორტი წარმატებით შედგა. აღნიშნული ტრანზაქცია საექსპორტო სტრატეგიის ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე „საქკაბელის“ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს“, - აცხადებს დავით კაპანაძე.
„საქკაბელი“ ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წელს კომპანიის პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მოგვიანებით კი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში გამოჩნდა.
კომპანიამ სექტემბერში ჩეხეთში რიგით მეორე საექსპორტო ტრანზაქცია განახორციელა, რასაც წინ უძღოდა ჩეხეთის “ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის” (EZU) მიერ „საქკაბელის“ წარმოების თვითმზიდ ABC კაბელზე გაცემული ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებულ „საქკაბელის“ პროდუქტზე მზარდი დაინტერესებიდან გამომდინარე, საწარმოში ჩეხი პარტნიორების ვიზიტი შედგა. მათ დეტალურად დაათვალიერეს საწარმოო პროცესი, მანქანა-დანადგარები, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და გამოყენებული ნედლეული.
„ჩვენი და „საქკაბელის“ თანამშრომლობის ისტორია 2024 წელს იწყება, როდესაც ჩეხეთში გამართულ გამოფენაზე შევხვდით. პარტნიორობის დაწყებისთანავე ნათელი იყო, რომ კომპანიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად პროდუქცია მაღალ კონკურენტუნარიან იქნებოდა ცენტრალური ევროპის ბაზარზე. ჩვენი თანამშრომლობის პირველი ნახევარი წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. მეორე ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევიძინეთ რეალური გამოცდილება წარმოების პროცესზე, და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „საქკაბელის“ მიერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღწეულმა პროგრესმა, როგორც წარმოების მოცულობის ზრდის, ისე კომპანიის მოქნილობის კუთხით. მეორე საექსპორტო ტრანზაქციის ფარგლებში ABC კაბელი უკვე წარმატებით გაიგზავნა ჩეხეთში, ხოლო ჩვენი შემდეგი ნაბიჯი გულისხმობს ჩეხეთის მეზობელ ბაზრებზე შესვლას - სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და ავსტრია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება“, - აღნიშნავს MD Trade & Consulting s.r.o.-ის თანადამფუძნებელი მიხალ დიტრიხი.
ცნობილია, რომ წელს „საქკაბელმა“ პროდუქციის ექსპორტი დაიწყო სამხრეთ ამერიკაშიც. კომპანია „Electrimax“-თან პარტნიორობის ფარგლებში ვენესუელაში ექსპორტი განხორციელდა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სპეციფიკაციის სამონტაჟო და ძალოვან კაბელებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა ავტორიტეტულმა ელექტროტექნიკური პროდუქტების სერტიფიცირებელმა ორგანიზაციამ EZÚ-მ საერთაშორისო სერტიფიკატი მისცა „საქკაბელის“ წარმოების თვითმზიდ (ABC) კაბელს, რომელიც მაგისტრალურ საჰაერო გადამცემ ხაზებში, საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო შენობების განშტოებებზე გამოიყენება. აღნიშნული კაბელის საიზოლაციო მასალა შეიცავს სპეციალურ დანამატს, რაც მას ულტრაიისფერი სხივების მიმართ მედეგს ხდის და გაუმჯობესებულ თერმულ თვისებებს ანიჭებს.
კომპანია აგრძელებს ახალი ბაზრების ათვისებას და მიზნად ისახავს საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში.
„საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე 67-ე წელია ლიდერია და მომხმარებელს სთავაზობს საკაბელო და ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2,000-მდე დასახელების პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას გადის ქარხნაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
სხვა სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა
28.10.2025.18:00
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.
კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.
რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.
"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.