საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.
ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. სწორედ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც ტურისტული, ისე კულტურული და ეკონომიკური მოგზაურობების თვალსაზრისით.
ამჟამად Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორისაა, 2025 წლის ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულება, ხოლო წლის ბოლოს ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები ვენეციის მიმართულებითაც დაიწყო. 2012 წლიდან, საქართველოში ოპერირების დაწყების დღიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
სხვა სიახლეები
ინოვაციური არქიტექტურული კომპანია – Gensler ქუთაისის ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესში ჩაერთო
12.01.2026.17:52
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან - Gensler-თან ერთად ამზადებს.
1965 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანია, საქართველოში პირველ პროექტს ახორციელებს ქართულ კომპანია „დემარკთან“ ერთად.
კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
Gensler-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის პროექტები კი, მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ.
კომპანიის ნამუშევრები ხაზს უსვამს ქალაქების იდენტობასა და კულტურას, ხოლო დიზაინი ეფუძნება საზოგადოებაზე ზრუნვას და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება.
შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. შენობაში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
აღსანიშნავია, რომ ამერიუკული კომპანია Gensler-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების დანერგავს ქვეყანაში.