"საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებას მოხმარდება - ლაშა აბაშიძე
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, კომპანიაში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებას მოხმარდება. ამ მიზნით საქართველოს რკინიგზა 120 სატვირთო ნახევარვაგონის შესყიდვის თაობაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
„სატვირთო ნახევარვაგონების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი კომპანიაში ჩატარებული ოპტიმიზაციის პირველი შედეგია - საქართველოს რკინიგზა ვაგონების შეძენას სწორედ დაზოგილი თანხებით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ არსებული სავაგონო და სალოკომოტივო პარკის დიდი ნაწილი მოძველებულია ტექნიკური პარამეტრებისა და მდგომარეობის თვლსაზრისით და განახლება/მოდერნიზებას საჭიროებს. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულების ოპტიმიზაციისა და მისი გამტარუნარიანობის, ასევე რკინიგზის ეფექტიანობის ზრდისკენ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნახევარვაგონების დამატება საქართველოს რკინიგზის სავაგონო პარკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ნახევარვაგონები მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოებების სამუშაო პროცესში.
საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ნახევარვაგონების მომსახურების ვადა არანაკლებ 22 წლით განისაზღვრა, კონსტრუქციული სიჩქარე კი 120 კმ/სთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ნახევარვაგონი აშენებული იყოს არაუადრეს 2025 წლისა, ექსპლუატაციაში არ უნდა იყოს ნამყოფი და მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციებში. ამასთან, ნახევარვაგონებს მინიმუმ 69 ტონა ტვირთის გადატანა უნდა შეეძლოს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 142 312 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადების მიღება 2025 წლის 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მედიატორთა პროფესიულ ტრენინგს უმასპინძლა
25.11.2025.12:34
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ტრენინგს „ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის ინდივიდუალური შრომითი დავების მედიაციაში" უმასპინძლა
ტრენინგი საქართველოს პროფესიულ კავშირებთან და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, Danish Industry-სა და BAG-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მედიატორებისათვის შრომითი დავების მედიაციისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების, სამუშაო ადგილებზე კონფლიქტებისთვის დამახასიათებელი ემოციური და კომუნიკაციური გამოწვევების მართვისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, სოციალური პარტნიორები, მედიატორთა ასოციაციასთან ერთად გეგმავენ შერჩეული და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი მედიატორების მომსახურება შესთავაზონ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის.
პროექტში ჩართული მედიატორები, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთიანი რეესტრიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პროფესიული კავშირების ურთიერთშეთანხმებით იქნენ შერჩეულნი.