საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მდინარე ყვირილას სანაპიროს გამაგრების სამუშაოებს ასრულებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ზესტაფონი–ქუთაისის“ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
აღნიშნულ მონაკვეთზე, მდინარე ყვირილას საჰაერო გადასასვლელის მიმდებარედ, მდინარის კალაპოტის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა მარჯვენა სანაპირო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც მაგისტრალური გაზსადენის გამართულ ფუნქციონირებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათეს მიწებსა და სოფლებთან დამაკავშირებელ გზას. სანაპიროს გასამაგრებლად და ზიანის თავიდან ასაცილებლად წარეცხილი დამბის მონაკვეთზე 510 მეტრიანი ქვაყრილი ეწყობა.
სამუშაოებს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. ამ დროისთვის, სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და ქვაყრილის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.
შალვა კიკნაველიძე დეტალურად გაეცნო შესრულებულ და გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც გაზსადენის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი
11.12.2025.14:10
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ.
„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.