საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 350 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა
Georgia Capital PLC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით (GCAP) ირკვევა, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (JSC Georgia Healthcare Group (GHG), წარმატებით განათავსა 350 მილიონი ლარის ოდენობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები საქართველოს ბაზარზე. ობლიგაციები ნომინირებულია ლარში, აქვთ 5-წლიანი ვადიანობა და ცვლადი კუპონი, რომელიც განისაზღვრება თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთით (Non-Cumulative Compounded Daily TIBR) პლუს 375 საბაზო პუნქტი. ობლიგაციები გამოშვებულია ნომინალურ ფასში და Scope Ratings-ის მიერ შეფასებულია BB- რეიტინგით. ტრანზაქციის დარეგისტრირება მოსალოდნელია 2025 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც მოხდება მისი მიღება საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
Galt & Taggart და TBC Capital იმოქმედეს ობლიგაციების განთავსების აგენტებად. ემისიას მხარს უჭერდნენ გრძელვადიანი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI-ები) International Finance Corporation („IFC“) და Asian Infrastructure Investment Bank („AIIB“), ასევე ადგილობრივი ბანკები და საქართველოს საპენსიო ფონდი, რომლის მონაწილეობაც ფონდის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა ერთ ადგილობრივ ობლიგაციაში.
მოპოვებული სახსრები გამოყენებული იქნება გამცემი კომპანიის არსებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებისა და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, სოციალური ობლიგაციების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ობლიგაციები კომპანიის ერთადერთ ბალანსზე არსებულ დავალიანებას წარმოადგენს.
Georgia Capital-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური | მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესმა წარმატებით დაასრულა საქართველოში ისტორიაში ყველაზე მსხვილი ლარში ნომინირებული კორპორატიული ობლიგაციების განთავსება. ტრანზაქციამ ინვესტორებისგან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების Galt & Taggart-ისა და TBC Capital-ის მხარდაჭერის დახმარებით, ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვან ალტერნატიული დაფინანსების წყაროდ იქცა. მსურს მადლობა გადავუხადო მენეჯმენტს და ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებს IFC-ს, AIIB-ს და საქართველოს საპენსიო ფონდს, რომელთა ეფექტიანმა თანამშრომლობამ ეს ტრანზაქცია წარმატებულად აქცია. აღნიშნული ობლიგაციები ჩვენი ჯგუფისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ წვდომას კაპიტალზე.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ჯანდაცვის სექტორის ლიდერია ქვეყანაში და მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს სთავაზობს. სწრაფად მზარდი, კერძო საკუთრებაში მყოფი ჯანდაცვის უმსხვილესი ეკოსისტემა ვერტიკალურად ინტეგრირებული ქსელია (ჰოსპიტლები, პოლიკლინიკები, მეგალაბორატორია) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებსაც ემსახურება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.09.2025.13:10
გაივლის წლები და ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მყოფი ნიკოლოზ ალავიძე იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც 15 წლის შვილი პირველად წაიყვანა ჭაუხებზე. უსმინა მოზარდმა, მამისა და მისი მეგობრების რიტორიკულ ( მაგრამ სამართლიან) წუწუნს ულამაზეს ბუნებაში გამეფებულ ანტისანიტარიაზე და იქვე დაარცხვინა: სადღეგრძელოების ნაცვლად, იქნებ თავად შეცვალოთ რამეო?!
ცივი წყლის ეფექტი საქმეში გარდაიქმნა. „მამებმა“ მეტეოსადგურის ტერიტორია ათობით წლის განმავლობაში დაგროვებული ნაგვისგან გაათავისუფლეს, ბიოტუალეტები ჩადგეს, შემდეგ კი ბევრისთვის არარეალისტური იდეა განახორციელეს. ასე გაჩნდა ალპური ქოხი „ალტიჰატი“. 2025 წელს ნიკოლოზ ალავიძე თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაციაში სწორედ გაბრიელ გარსია მარკესის შედევრის ციტირებას მოახდენს და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის„ალტიჰატს“ მეორე ადგილიც ერგება.
თუმცა, მოდი ქრონოლოგიურად და “მარტოობის ასი წელიწადისგან” ნაკლებად ბუნდოვანებით მივყვეთ მოვლენებს.
“ალტიჰატი” სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმროა, რომელიც ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე მდებარეობს. 1940-იანი წლებში აშენებული მეტეოსადგურის შემდეგ, რომელსაც ლავრენტი ბერია ზედამხედველობდა, ალტიჰატი მეორე პროექტია კავკასიონის ქედზე. ( თან ისე, რომ მშენებლობისას და არც მის შემდეგ გულაგის გზაზე არავინ გაუმწესებიათ). მასალები შვეიცარიაში საუკეთესო პროფესიონალებმა დაამზადეს, ადგილზე კი ვერტმფრენმა აიტანა.
ალპურ ზონაში არ იყო დაცული უსაფრთხოების არც ერთი ნორმა. “ექსცენტრულმა დედამიწელებმა” ( ასე უწოდებენ საკუთარ თავს) დაამონტაჟეს მდინარე ჩხერზე გადასასვლელი ხიდი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანი, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამაშველო ოპერაციებისთვის. ანტენები საკუთარი ხარჯით დაამონტაჟეს და ფიჭური სიგნალით მთელი ალპური ტერიტორია დაფარეს.
გასაკვირიც არაა, რომ ბიზნესგეგმით კომპანია მოგებას 80.. კი, 80 წლის შემდეგ მოიტანს.
“პირველივე დღიდან გვჯეროდა, რომ ალტიჰატი გავლენაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და ისეთი პრობლემები მოეგვარებინა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს. ამიტომ დივიდენდების მიღებას, პორშეთი სეირმობას ან საშაურმის გახსნას, ამ გზით წასვლა ვარჩიეთ. თავიდან, შეგვძრა ნაგვის იმ რაოდენობამ რაც აქ დაგვხვდა. ტონობით ნარჩენი ათეულობით წლები გროვდებოდა და ბუნებრივია, ეს ნაგავი თავისით არ აღმოცენებულა. ეტაპობრივად მივყევით. დავამონტაჟეთ ბიოტუალეტებიც. სასტუმრო სრულად ენერგოეფექტურია და მზის აკუმულატორებითაა აღჭურვილი”- გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე და იქვე ილიას ციტატას იშველიებს. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”.
ლიტერატურა 3014 სიმაღლეზეც ძალიან უყვართ, ამიტომ ალტიჰატში სამკითხველო ბიბლიოთეკაც მოაწყვეს. თუ კავკასიონის ხედებით მოხიბლულს შტაბეჭდილების გაზიარება მოგინდებათ და წერა აგიტანთ, აქვეა ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტაც. ღია ბარათების გაგზავნას ყველგან შეძლებთ.
ალტიჰატმა სეზონის გახანგრძლივებითა და მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვით ადგილობრივ თემსაც შეუწყო ხელი. კერძები მხოლოდ ნატურალური და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტებით მზადდება. ნოყიერი საუზმის შემდეგ მადლობა შეფის გარდა შეგიძლიათ სუ-შეფებსაც გადაუხადოთ: ნისლას და ალუმინას. ინგრედიენტები ალტიჰატამდე სწორედ ამ ორ ცხენს ამოაქვს.