საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" პრეზენტაცია გაიმართა
მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი" პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გამართეს.
პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია უზრუნველყოფს მოქალაქეების უფასო გადამზადებას იმ სპეციალობებით, რომლებიც დღეს ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადია კერძო სექტორში. საუბარი შეეხო, 85 მოქმედ პროგრამას, რომელიც სხვადასხვა კოლეჯის ჩართულობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამამ 100-ზე მეტი მიმართულებით, უკვე 15 000-ზე მეტი პირი გადაამზადა, რომელთა 75% წარმატებით დასაქმდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც პროგრამის პრაქტიკულ ასპექტებს, ასევე ბიუჯეტს, რომელიც 2 500 000 ლარია, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტი სპეციალისტი მომზადდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: IT, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, დიზაინი და სხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მერიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის შესახებ. ასევე, მერიის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გამოთქვა მზადყოფნა კომპანიების მომართვის შემთხვევაში, იმ ახალი კვალიფიკაციების შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამების დაფინანსება განიხილონ, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის მუნიციპალიტეტის პროგრამაში გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული კვალიფიკაციების საჭიროება ბაზარზე არსებობს და კომპანიები გადამზადებულ კადრებს დაასაქმებენ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელსაც მოჰყვა დისკუსია ბიზნესსექტორის საჭიროებებსა და მოლოდინებზე.
„აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს ბიზნესსექტორისა და მუნიციპალიტეტის კოორდინაციას კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. BAG ინდექსის ბოლო კვლევის თანახმად კვალიფიციური რესურსის დეფიციტი კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება, შესაბამისად, მსგავს პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენი წევრი კომპანიებისა და საზოგადოების ინფორმირება ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge