საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი კატეგორიის საწარმოთა ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულებების ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორის დეტალური ინფორმირება იმ სამართლებრივი და პრაქტიკული მოთხოვნების თაობაზე, რომლებსაც „ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს.
საუბარი შეეხო „ენერგოაუდიტის ჩატარების წესს" და მისი ამოქმედების შედეგად პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოქმნილ ვალდებულებებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2025 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოაუდიტის მნიშვნელობაზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ხარჯების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო ენერგოაუდიტს დაქვემდებარებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა 1 თებერვლიდან მიმდინარე წლის 1 მარტამდე გადაიწია. აღნიშნული ცვლილება კომპანიებს დამატებით დროს აძლევს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სამინისტროსთვის დროულად გადასაცემად.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებულ პრაქტიკულ და სამართლებრივ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგულაციების ეფექტიან და დროულ დანერგვას.
„ენერგოაუდიტი წარმოადგენს არა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას, არამედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიზნესისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, რეგულაციების ამოქმედება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ბიზნესზე ორიენტირებული, რაც ორმხრივად მნიშვნელოვანი პროცესია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
სილქნეტი Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა
31.03.2026.17:28
კომპანია სილქნეტი თბილისის გამორჩეული მუსიკალური სივრცის - Tatuza Jazz Club-ის პარტნიორი გახდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, ჯაზ კლუბთან თანამშრომლობა სწორედ ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. სილქნეტი უკვე მრავალი წელია ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა წინანდლის ფესტივალი და პლატფორმა Billboard Georgia-ს დაარსება, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.
ჯაზ კლუბი Tatuza სასტუმრო ტელეგრაფის სავიზიტო ბარათია და ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის თამაზ ყურაშვილის, იგივე თათუზას, სახელს ატარებს. უნიკალური შემსრულებლის, პედაგოგისა და მენტორის ოცნება იყო საქართველოს მსოფლიო სტანდარტის ჯაზ კლუბი ჰქონოდა. სწორედ ამ იდეის განხორციელებაა Tatuza Jazz Club-ი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გამორჩეულ სივრცეში აერთიანებს. კლუბის უნიკალურობას მაღალი ხარისხის აკუსტიკა განსაზღვრავს, რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა ქსავიე ფაბრმა შექმნა. აუდიო სისტემაზე კი მსოფლიო ლიდერებმა - L-Acoustics-მა და Meyer Sound-მა იმუშავა. კლუბი ყოველთვიურად ოცდახუთამდე ღონისძიებას მასპინძლობს და ჯაზის მოყვარულებისთვის შეკრების განსაკუთრებული ადგილია.