საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია BDO-ს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გაფართოებას და ერთიან რეგიონულ ფირმად ჩამოყალიბებას
BDO ოფიციალურად იწყებს საქმიანობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA–ის ფარგლებში, რომელიც ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.
ახალი რეგიონული ინტეგრაცია ეფუძნება BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიას და მიზნად ისახავს პროფესიული სერვისების ხარისხის ამაღლებას, ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას და რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. 2025 წლის მონაცემებით, BDO წარმოდგენილია 169 ქვეყანაში, 94,900 პროფესიონალითა და 870 ოფისით მთელ მსოფლიოში.
BDO CCA-ს მართავს აღმასრულებელი კომიტეტი (ExCo). რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ზურაბ ლალაზაშვილი, ხოლო მაია ხაჩიძე გახდა BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი. BDO სომხეთის მმართველი პარტნიორია ვაჰაგნ სააკიანი, ხოლო BDO უზბეკეთის დავრონ იაკუბოვი.
BDO-ს სტრატეგიისა და ოპერაციების ხელმძღვანელის, ტრონდ-მორტენ ლინდბერგის განცხადებით, BDO CCA წარმოადგენს გლობალური ინტეგრაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებას რეგიონული და საერთაშორისო დამკვეთებისთვის.
ზურა ლალაზაშვილის განცხადებით, ეს იქნება პარტნიორობა ერთიანი მართვის ქვეშ - ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში. ამ მოდელის მთავარი მიზანია ცოდნის, ექსპერტიზისა და ადამიანური კაპიტალის გაერთიანება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს რეგიონულ და საერთაშორისო კლიენტებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სერვისების პორტფელი, მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი გლობალური ქსელის მხარდაჭერით.
„ვულოცავთ BDO-ს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფირმის BDO CCA-ის დაფუძნებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული თანამშრომლობის, პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ინტეგრირებული მოდელი ხელს შეუწყობს ინოვაციებს, ცოდნის გაზიარებასა და რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
BDO CCA წარმოადგენს BDO-ს გლობალური ქსელის სტრატეგიის გაგრძელებას და მიზნად ისახავს რეგიონში ლიდერი პოზიციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სხვა სიახლეები
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა
22.12.2025.16:51
კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარის და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე ხუთი მსხვილი ემისია წარმატებით განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი წარმოადგენს მწვანე ობლიგაციას, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ასევე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
„მწვანე ობლიგაციების გამოშვება ჩვენთვის არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ მდგრადობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. სითი მოლი საბურთალო, გლდანი და სითი თაუერი - ყველა შეფასდა EDGE Advanced დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის მოხმარება 40%-ზე მეტით არის შემცირებული. გალტ & თაგარტთან პარტნიორობით განხორციელებული ეს ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც არსებული ვალდებულებები დავაფინანსოთ უფრო ეფექტურად, ისე განვაგრძოთ ახალი, მასშტაბური და მდგრადი პროექტების განვითარება საქართველოში“, - აცხადებს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალური დირქტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან მესხელი.
“აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორია. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსხვილი ემისიები როგორც კომპანიის ძლიერ ბიზნეს მოდელზე, ისე ინვესტორების მხრიდან მზარდ ნდობაზე უსვამს ხაზს. მწვანე ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი ფინანსების წახალისების მიმართულებით და მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს უმსხვილეს მწვანე ობლიგაციების ემისიას საქართველოში, და ამასთანავე - პირველ მწვანე ობლიგაციების ემისიას კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რაც განსაკუთრებით გვეამაყება. გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ემიტენტებს პროგრესული ფინანსური გადაწყვეტილებები, ხოლო ინვესტორებს — მაღალი ხარისხის საინვესტიციო ინსტრუმენტები შესთავაზოს“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი – სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.