მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.5
-0.0076
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.034
0.0008
flag
EUR 3.1193
0.0066
flag
GBP 3.5446
0.0132
flag
KZT 51.5
-0.0013
flag
TRY 0.0643
-0.0001
flag
USD 2.7089
-0.0013

საქართველოს ბაზარზე Eagle Hills-ის შემოსვლა არის შესაძლებლობა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში - ელგუჯა თურმანიძე

news image

„არ მახსენდება ამ მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებულიყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,“ - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე საქართველოში Eagle Hills-ის გეგმების შეფასებისას.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანაში უპრეცედენტო მოცულობის  6.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი განხორციელდება.

კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის  მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.

„Eagle Hills-თან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ითქმება. თუმცა მე, რაც თავი მახსოვს - უკვე 20-25 წელია, რაც ჩვენ წარმოდგენილი ვართ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში არ მახსენდება ამ მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებულიყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

აქედან გამომდინარე, იმ საინვესტიციო მოცულობაზე, რაზეც არის საუბარი, ვფიქრობთ, დიდი ხანი ვბრძოლობდით, ვმუშაობდით, რომ თუნდაც მსგავსი მოცულობისა და რეპუტაციის მქონე კომპანია, საინვესტიციო ჯგუფი შემოგვეყვანა საქართველოში - ჯერ კიდევ 2005 წლიდან.

ამას ექნება ძალიან დიდი ეფექტი, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი. ამის ახსნაც რომ გვიწევს, მე მგონი, არც კი არის მთლად მისასალმებელი. თუმცა მისი პირდაპირი ეფექტი, რომ დავაკონკრეტოთ, დაკავშირებულია რამდენიმე ათას ადამიანთან, ასობით კომერციული ობიექტისა და ახალი ბიზნესების გაჩენასთან. ირიბად კი სხვა თანმხლები ბიზნესების გააქტიურებასთან და მათში დამატებით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდასთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდება სულ რაღაც აქტიური სამუშაოების დაწყებიდან ერთ წელიწადში,“ - აცხადებს ბიზნესმენი.

„იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ Eagle Hills-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციას მრავალმხრივი ეფექტი ექნება და, გარდა სხვადასხვა ბიზნესების წახალისებისა, ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას გლობალურ ბაზრებზე.

„მას შემდეგ, რაც დაანონსდა აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების საკითხი საქართველოში - კარგად გახსოვთ, ბოლო ერთი წელი აქტიურად მიდიოდა ამაზე საუბარი, სანამ ასე წარმატებით დაგვირგვინდებოდა ეს პროცესი ჩვენც გვიფიქრია ამაზე და ჩვენი მოლოდინები აბსოლუტურად დადებითი და პოზიტიურია.

უკვე რამდენიმე წელია, გვქონდა საუბარი როგორც ბიზნესასოციაციებთან, ისე ჩვენს კონკურენტებთან და სფეროში მოღვაწე ადამიანებთან შექმნილიყო ერთიანი პლატფორმა, რაც დაგვეხმარებოდა ერთიანი ძალებითა და ხარჯებით ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ისეთ არატრადიციულ ბაზრებზე, სადაც ჯერჯერობით ვერ ვოპერირებთ და საიდანაც ვერ შემოედინება ის ნაკადები, რაც სჭირდება ამ სფეროს და ჩვენს ქვეყანას.

ასე რომ, ეს არის სწორედ შესაძლებლობა, ერთ-ერთი დადებითი მოვლენა, რომელიც დაგვეხმარება ქვეყნის ცნობადობის ზრდაში, სადაც აქამდე ცალკეული კომპანიები დიდ რესურსს ხარჯავდნენ, თუმცა ერთეულთა აქტიურობით სასურველ შედეგამდე ვერ მივდიოდით. ამიტომ, ვფიქრობ, Eagle Hills-ის შემოსვლა ძალიან დაეხმარება საქართველოს და კონკრეტულად ჩვენს სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და თანმდევ ბიზნესებს, ასევე არატრადიციული ბაზრებიდან ახალი ინვესტორებისა და მყიდველების მოზიდვაში. ეს ყველაფერი საქართველოს სრულიად სხვა მასშტაბზე გაიყვანს,“ - აცხადებს ელგუჯა თურმანიძე.

„იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელი იმ ნეგატიურ მოსაზრებებსაც ეხმაურება, რომლებიც სხვადასხვა ძალების მიერ საქართველოში Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებით გამოითქვა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი რამ ხდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ასეთი მასშტაბური პროექტების, არამედ საშუალო თუ მცირე დონის ინფრასტრუქტურული ან დეველოპერული პროექტების განხორციელების დროსაც ახლავს დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა.

თუ ცოტა იუმორით გადავიტანთ - მახსენდება ორსართულიანი მატარებლების საკითხი, როდესაც რამდენიმე წლის წინ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ჩვენც ვფიქრობდით, როგორ გაეტეოდა არსებული ინფრასტრუქტურაში. საბოლოოდ კი უკვე წლებია წარმატებით ვსარგებლობთ ამ სერვისით.

ასე რომ, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტებს შეიძლება ახლდეს კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროა, როცა ეს კრიტიკა მიზანმიმართულია პროექტის რეპუტაციისა და განხორციელების დაზიანებისკენ. თუ ეს არის გულწრფელი შიში, ეს ახსნადია  და ახსნადიც გახდება ამ პროექტების წარმატებული შედეგებით.

როგორ შეიძლება ასეთი მოცულობის ლეგალური ინვესტიცია, რომელიც სწორად იქნება მართული, აღმოჩნდეს ქვეყნისთვის ცუდი?!

თანაც ეს ინვესტიცია მოიზიდავს არა იმ ადამიანების მასას, რომელთა შესახებ გარკვეული ჯგუფები შიშობენ, არამედ მაღალმხარჯველუნარიან ინვესტორებს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - მათ შორის ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროპის მოქალაქეებს, რომლებიც უბრალოდ დღემდე არ იცნობდნენ ჩვენს ქვეყანას.

ეს არის შანსი, რომ მათ თავი გავაცნოთ. როდესაც ასეთი რეპუტაციული კომპანია ასეთ მოცულობის ინვესტიციით შემოდის საქართველოში  იმაზე დიდი, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში განუხორციელებია ვფიქრობ, ნეგატიურის გავრცელება რთული იქნება. შედეგები თავად იტყვის ყველაფერს,“ - ამბობს თურმანიძე.

ბიზნესმენის თქმით, როდესაც ასეთი რეპუტაციის საინვესტიციო ჯგუფი შემოდის საქართველოში, რომელსაც აქვს მაღალი ცნობადობა ჩინეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში და წარმატებით ოპერირებს გალფის ქვეყნებში, მას ჰყავს პარტნიორები, მყიდველები და თანაინვესტორები, რომლებიც წლების განმავლობაში ენდობიან და მიყვებიან ყველგან, სადაც ეს ჯგუფი ახორციელებს ინვესტიციას.

„ეს არის ძლიერი ბიძგი. Eagle Hills-მა უკვე შეისწავლა ჩვენი რეგიონი და ქვეყანა, დაიჯერა ჩვენი პოტენციალი - და ახლა სხვა მსხვილი ინვესტორებიც მას მიჰყვებიან. ჩემთვის ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე სხვა კომპანია აქტიურად არის დაინტერესებული სხვადასხვა მიმართულებით - განახლებადი ენერგიებიდან დაწყებული სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებამდე.

ეს არის შანსი, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ სწორად ვმართოთ ჩვენი პერსპექტივა და მომავალი.

რაც შეეხება მიწის ფართობს, რომელიც გადაეცა აღნიშნულ საინვესტიციო ჯგუფს დეველოპმენტისთვის  თუ არ ვცდები, მისი ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ მიერ განსახორციელებელი ვალდებულება 6.5 მილიარდია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თანამონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალში გამოდის დაახლოებით 1/6, ხოლო 33%-იანი წილის ფლობა - 1/3.

ვფიქრობ, ეს საკმაოდ მომგებიანი კომერციული გარიგებაა. მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი ცოტათი ნაკლებსაც, ეს რომ ყოფილიყო ჩვენი კომპანიის დეველოპმენტური შეთანხმება. ამას დაემატება მოსალოდნელი მოგებაც, რაც ამ ინვესტიციის შედეგად შეიქმნება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა რამოდენიმეჯერ მეტ სარგებელს მიიღებს.

მახსოვს, ჯერ კიდევ 2005 წლიდან ვცდილობდით ბათუმის შემთხვევაში  ე.წ. გონიოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ  შემოსულიყო 2 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია, მაგრამ დღემდე ვერ განხორციელდა. ახლა კი ეს მოხდა  და ცოტა უცნაურია, რომ ამაზე უარყოფითი რეაქციაც კი გვხვდება,“ - აცხადებს ელგუჯა თურმანიძე.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იმდენად დიდია Eagle Hills-ის პროექტების დადებითი მხარე ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნეგატივზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია - ირაკლი კვერღელიძე

07.11.2025.15:27

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას Eagle Hills-ს  საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის, $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. კომპანია Eagle Hills, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს მსხვილ დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, საქართველოს ბაზარზე Eagle Hills-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ერთგვარ დადებით მესიჯსაც წარმოადგენს პოტენციური ინვესტორებისთვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში მხოლოდ რაიმე სამშენებლო პროექტი ან კონკრეტული ობიექტის აშენება არ არის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მძლავრი სიგნალი იმ მრავალი უცხოელი ინვესტორისთვის, რომლებიც საქართველოში პოტენციურად განიხილავენ ინვესტიციების განხორციელებას.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა და იმ დონის სანდოობის მიღება, როგორიც დღეს Eagle Hills-ს აქვს, იოლი ამოცანა არ არის. Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში სიგნალია მრავალი სხვა უცხოური ინვესტორისთვის, დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმას, რომ პრაქტიკულად, პროექტის განხორციელების ფარგლებში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

მინდა ასევე მნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ბევრი ადამიანი, ვინც დღეს ქვეყნის გარეთაა გასული სამუშაოდ, სწორედ ამ პროექტების მეშვეობით მიიღებს მნიშვნელოვან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რაც თავის მხრივ შეამცირებს შრომით მიგრაციას და პირიქით - დააბრუნებს ქვეყანაში მოქალაქეებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ხაზი გავუსვათ მოცულობას - 6,5 მილიარდ დოლარს, რომელიც ბათუმსა და თბილისში ინვესტიციის სახით უნდა განახორციელოს Eagle Hills-მა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინვესტიცია ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ციფრი. მარტივი არითმეტიკული გათვლებით, 6,5 მილიარდი დოლარის ფულადი ინვესტიციით შექმნილი ეკონომიკური აქტივობა თითქმის 10–12 მილიარდ დოლარამდე ადის, რაც პრაქტიკულად უტოლდება ჩვენი ქვეყნის მშპ-ს. მომდევნო წლების განმავლობაში მისი ეფექტი თითქმის გააორმაგებს საქართველოს ეკონომიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ალბათ, ბევრ დადებით მხარეზე შეიძლება ვისაუბროთ ასეთი დონის კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტიციის გაცხადებასთან დაკავშირებით - ეს ხელს უწყობს უძრავი ქონების ზრდას, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და მაღალი ხარისხის სერვისის განვითარებას, რაც ერთობლიობაში ქმნის საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ეფექტს ჩვენი ქვეყნისთვის და სამუშაო ბაზრისთვის. უმნიშვნელოვანესია ის შედეგი, რომელიც საქართველომ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკისა და მიდგომების შედეგად მიიღო,“ - აცხადებს ბიზნესმენი.

„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თქმით, ქართულ ბაზარზე Eagle Hills-ის პროექტის განხორციელება, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად წაახალისებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას, მათ შორის სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებებს.

„ეს არამც და არამც არ უნდა განვიხილოთ, როგორც კონკურენცია და კონკურენტის შემოსვლა ქვეყანაში. ერთის მხრივ, კონკურენცია ცუდი არ არის - პირიქით, აუმჯობესებს ხარისხს, სერვისს და, შესაბამისად, ყველა კომპანია მოწოდებული იქნება იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შესძინოს დეველოპერულ ბაზარს. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან კარგი სინერგია ჩვენთვის - ქართული კომპანიებისთვისაც.

ყველა ის საერთაშორისო კომპანია და პარტნიორი, რომელიც დღემდე ჩვენთან თანამშრომლობს და სახელშეკრულებო ურთიერთობაშია, მიიღებს უმნიშვნელოვანეს სიგნალს, რაც ერთი ორად გაგვიმარტივებს მათთან კომუნიკაციას და შეამცირებს შესაძლო კითხვებს ქვეყნის მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, 6,5 მილიარდ დოლარიანი პროექტის გამოცხადება საქართველოში ქართული კომპანიებისა და დეველოპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია - წახალისება, უფრო მაღალი ხარისხისა და ეფექტურობისკენ სწრაფვის სტიმული,“ - ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

მისივე თქმით, ნებისმიერ ინიციატივას იშვიათად აქვს 100%-იანი მხარდაჭერა, თუმცა Eagle Hills-ის პროექტის შემთხვევაში იმდენად ბევრი დადებითი ეფექტია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების ძალიან კარგი საშუალებაა.

„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ აზრს და ინიციატივას ყოველთვის არ აქვს სრული მხარდაჭერა. ის ნეგატივი ან განსხვავებული აზრი, რომელიც ამ პროექტთან მიმართებით არსებობს, ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ - უცხოური ინვესტიცია უმნიშვნელოვანესი რამ არის, რისთვისაც იბრძვის ნებისმიერი სახელმწიფო და მისი ეკონომიკური გუნდი.

იმაზე დიდი ეფექტი, ვიდრე გარედან შემოტანილ ინვესტიციას აქვს, არც ერთ სხვა ინსტრუმენტს არ გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინვესტიციების ხარჯზე განვითარდა ყველა წამყვანი ქვეყანა. არავინ არ იკიდებს ზურგზე არც მიწის ნაკვეთს და არც პროექტს - ეს რჩება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიაზე ხორციელდება, ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან. ამიტომ, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების არსებობისა, ასეთ პროექტებს დიდი სიამოვნებით უნდა შევხვდეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესანიშნავი საშუალებაა.

რაც უფრო მეტ ბაზარზე გასვლას და უკეთეს რეალიზაციას შეგვიწყობს ხელი, მით უკეთესი. ამიტომ, ნეგატივთან მიმართებით შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად დიდია ამ პროექტის დადებითი მხარე ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნეგატივზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია,“ - ამბობს „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

როგორც ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, Eagle Hills-ის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

„როცა პირველად გაჟღერდა ამ პროექტისა და ამ მოცულობის ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია, არ დაგიმალავთ - ყველა ეჭვის თვალით უყურებდა. თუმცა მე ღრმად მჯეროდა, რომ ეს რეალობა იყო და გარკვეულწილად ხელს ვუწყობდით პროცესს, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე საამიროების მხრიდან არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ეფექტის მქონე იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის, რადგან სწორედ ასეთი კომპანიების შემოსვლა იძლევა საუკეთესო მაგალითს სხვა ინვესტორებისთვის - უფრო მეტი ენთუზიაზმითა და ნდობით მოეკიდონ ქვეყანას. მით უმეტეს, როცა საუბარია Eagle Hills-ზე, რომელიც არა მხოლოდ საამიროების ბაზრის კომპანიაა, არამედ ძალიან ძლიერი საერთაშორისო დეველოპერული მოთამაშეა,“ - განმარტავს ბიზნესმენი.

Eagle Hills-ისა და ქართული მხარის შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

„მომგებიან პროექტში ჩვენი სახელმწიფოს 33%-იანი წილი ნიშნავს პირველ შემოსავალს პროექტიდან ქვეყნისთვის. მეორე მომენტია, რომ იქმნება მრავალმილიარდიანი ეკონომიკური აქტივი, რომელიც ქონების გადასახადის სახით დაუბრუნდება სახელმწიფოს რეგულარული გადასახადების კუთხით. ასევე, სახელმწიფო მიიღებს შესაბამის გადასახადებს პროექტის მომგებიანობიდან გამომდინარე და შემდგომში რეგულარული ოპერირების დროსაც - რაც პირდაპირი შემოსავალი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

ძალიან მარტივად და მათემატიკურად რომ დავთვალოთ, იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება, ჩემი გათვლებით, ეს პროექტი ყოველწლიურად მინიმუმ 3–4%-იან გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე - იმ დამატებით მაჩვენებელზე, რომელიც ქვეყანას ისედაც შთამბეჭდავი აქვს და გამოარჩევს მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს შორის,“ - აცხადებს „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა