საქართველოს ბანკმა მასწავლებლების ისტორიები კომიქსში გააცოცხლა
მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკმა ლიმიტირებული კომიქსის სერია შექმნა.
ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ინსპირაციით განხორციელდა, რომლის მთავარი მხარდამჭერიც წელს საქართველოს ბანკია.
კომიქსები იმ ადამიანების მოგონებებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლებმაც სამახსოვრო წარწერები საქართველოს ბანკის მიერ ისთ ფოინთში განთავსებულ სპეციალურ დაფაზე დატოვეს და mastsavlebeli.bog.ge-ს ვებგვერდზე გამოგზავნეს.
პატარ-პატარა ილუსტრირებული ისტორიები ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს, ემოციებს, საინტერესო და სახალისო მომენტებს აცოცხლებენ.
კომიქსის პერსონაჟი - „სუპერმასი“ თამაშობანასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის საკუთარ თავში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებს აერთიანებს. თითოეული თვისება კი თითო ამბად არის მოთხრობილი.
კამპანიაზე კრეატიული სააგენტო Supermarket-ი მუშაობდა.
„გვჯერა, რომ ლაღი ბავშვობის შექმნაში მასწავლებლებს უდიდესი როლი აქვთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან ერთად, თამაშობანამ შექმნა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლების თვისებებით გაერთიანებული პერსონაჟი - „სუპერმასი“. „სუპერმასის“ თითოეული თვისება გადაიქცა თითო ამბად, რომლებშიც მოთხრობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების შესაძლებლობების რწმენა, დახმარების აღმოჩენა, შეუპოვრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება და სხვა. ამ კომიქსით პირველ რიგში გვსურს, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიის მიმართ და ინსპირაცია მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მასწავლებლობას”, - აღნიშნავს თათია რევაზიშვილი, თამაშობანას დირექტორი.
“მიზნად დავისახეთ შეგვექმნა სიმბოლო, რომელიც მასწავლებლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებდა. მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, ვთხოვეთ, ონლაინ და ქუჩაში განთავსებულ დაფებზე ერთი წინადადებით დაეწერათ მათთვის საუკეთესო მასწავლებელზე. ეს ჩანაწერები გადავამუშავეთ, გამოვყავით განმეორებადი თვისებები და ამის მიხედვით შევქმენით ერთი პერსონაჟი – წიგნის გმირი, რომელიც აერთიანებს ათასობით საუკეთესო მასწავლებლის თვისებებსა და პრაქტიკას. თითოეული თვისების მიხედვით დაიწერა პატარა ამბავი კომიქსის სახით”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
„საქართველოს ბანკი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მიზანი უცვლელია, შევქმნათ მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას. გვჯერა, რომ ამ პროცესში პედაგოგები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისთვის და მათი როლის გადააზრებისთვის, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებდა მათ მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე დავიწყეთ მასწავლებლების შესახებ მოგონებებისა და საინტერესო ისტორიების შეგროვება, რომლებიც ახლა ჩვენ მიერ გამოცემულ კომიქსებში გაცოცხლდა. გვინდა, ჩვენი ინიციატივა იქცეს მოწოდებად მასწავლებლებისთვის, რომ არ გაჩერდნენ და ახსოვდეთ, რომ მათი პროფესია ძალიან ღირებულია“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, კომიქსები ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა და თამაშობანას სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:00
სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია Aramex Georgia და ბრიტანული კომპანია Navi Ltd (UK Georgian Trade Hub) 20 აგვისტოს, 17:00 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს ექსკლუზიური პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში.
ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ქართველი მეღვინეებისთვის იმართება, მიზნად ისახავს მათთვის ახალი საექსპორტო არხებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის გაცნობას.
ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: ბრიტანული ბაზრის მიმდინარე ტენდენციები და სიახლეები; ბაზრის მოცულობა და განვითარებადი სეგმენტები; ბრიტანული ღვინის ბაზრის ტენდენციები და გამოცდილება ქართული ღვინის კომპანია Wet Dog გამოცდილებით. ღონისძიების ფარგებში ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მიწოდებული იქნება ასევე შემდეგი სახის ინფორმაცია: CWC – საერთაშორისო კონკურსის უპირატესობები, რეგისტრაცია და ლოჯისტიკა; ექკლუზიური ლოჯისტიკური პარტნიორი - Aramex Georgia; ეფექტური მიწოდების სქემა და პრაქტიკული რჩევები დროული ტრანსპორტირებისთვის; ხარჯების ოპტიმიზაცია და დროული ტრანსპორტირება; ბრიტანეთში საექსპორტო პარტნიორობის შეთავაზება – NAVI Ltd-ის ქსელი და გაყიდვების არხები.
აღნიშნული შეხვერის სპიკერები კი არიან:
როგორც ცნობილია, საერთაშორისო გადაზიდვების გლობალური ბრენდი „Aramex“-ი უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ექსპორტიორებსა თუ იმპორტიორებს. სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა „Navi Ltd“-თან გაფორმებული ახალი შეთანხმება.
რაც შეეხება ბრიტანულ კომპანია Navi Ltd-ს ის საიმპორტო-სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 21 წლის უკან ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნდა.
დაინტერესებულ პირებს ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Sj1o9Ux6aPVMNWds7
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 753.0 ათასი დოლარის ღირებულების 149 733 ლიტრი ღვინო გაიტანა ექსპორტზე. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი კი 182 574 ლიტრის დონეზე იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი %-ითაა შემცირებული. 18%-ითაა შემცირებული.