საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, Citi-სთან ერთწლიანი, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთოთხმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.
ახალი შეთანხმება სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) სექტორებისთვის სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება. ფინანსური რესურსი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორობას Citi-სთან ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტებში, სავაჭრო დაფინანსების კუთხით შესაძლებლობების განვითარება გრძელდება, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა ადასტურებს ჩვენიგლობალური პარტნიორების ნდობას ჩვენი გამოცდილებისადმი და ერთგულებას ქართული ბაზრის განვითარებისადმი. ჩვენ მივესალმებით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა შევქმნათ ზრდის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
07.10.2025.16:19
საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
მაშინ, როდესაც ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ქართულ ფოლკლორში რევოლუცია განიზრახეს, უმეტესად მათი არავის სჯეროდა. იმდროინდელი საზოგადოება გაურბოდა ინდივიდუალიზმს, განსხვავებულობასა და ექსპერიმენტებს. მეტიც, ნებისმიერ ახალ იდეას ეჭვითა და კრიტიკით ხვდებოდნენ.
თუმცა არსებობდა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა სიახლეებს და სჯეროდა მომავლის. ეს იყო დიდი ქართველი მხატვარი და სცენოგრაფი, “ფერთა სიმფონიის დიდოსტატი“ სოლიკო ვირსალაძე. ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების ოსტატმა არა მხოლოდ გაიზიარა მეამბოხე წყვილის ხედვა, არამედ თავისი შემოქმედებითა და ენერგიით დასის მთავარ ბირთვად იქცა. ხოლო მისმა ჟინმა, რომელიც საზღვრებს არ ცნობდა, ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შექმნა შესაძლებელი გახადა.
„სუხიშვილების ანსამბლთან თანამშრომლობა ჩემი დიდი სიყვარული და გატაცებაა. ეფექტის მიღწევაში კი თვითონ ცეკვა მეხმარება“, - ამბობდა სოლიკო ვირსალაძე.
და მართლაც, თავის ეპოქაში ის იყო, გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანი, რომელმაც ქართულ სცენოგრაფიას ნამდვილი საგანძური დაუტოვა. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ხელოვანებსა და დიზაინერებს მისი სახელი არა თუ ავიწყდებათ, არამედ უფრო მეტად შთააგონებთ და ახლის შექმნისკენ უბიძგებთ.
შემოქმედებითი პროცესი და პერფექციონისტული ჟინი
ქართული საცეკვაო კოსტიუმების არქივსა და პირველ ესკიზებს ვირსალაძის სახელთან მივყავართ. მისმა ხედვამ სცენაზე სრულიად ახალი სტილი შემოიტანა: მანამდე წარმოუდგენელი იყო ქალის ყაბალახითა და თეძოებზე შემოხვეული ჭრელი ქამრით გამოჩენა. “სამაიას“ თვლებით მოჭედილი გვირგვინი დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატად იქცა, ხოლო ლეგენდარულმა ფირუზისფერმა “ჯეირანის“ კაბამ და “ოსურის“ გრძელმა მკლავებმა სცენას დამატებით ელფერი შესძინა.
იმდროინდელი საზოგადოება ვერ ეგუებოდა სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილ წითელ ჩოხასაც, რომელიც იმ დროს ტრადიციულ სამოსთან შედარებით შეუფერებლად მიაჩნდათ. თუმცა, დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ ანსამბლს, რომელსაც საკონცერტო აფიშაზე ან უბრალოდ სარეპეტიციო დარბაზთან წითელ ჩოხაში გამოწყობილი მოცეკვავე არ ჰყავს გამოსახული. ასევე მიუღებლობა ჰქონდათ თამამ მოძრაობებთან, ქალის მიერ კოჭის გამოჩენასთან და მუსიკასთანაც კი. მაგრამ ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჟინი აღწევს იმ მიზნებს, ერთი შეხედვით დაუჯერებელსაც კი, ქმნის ისტორიას და უბიძგებს პროგრესს, არ გაჩერდეს.
სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებითი პროცესი იყო ერთგვარი ხელოვნება, სადაც ფერი, ფორმა და მოძრაობა ერთ მთლიანობას ქმნიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ხასიათს, რომელსაც ნინო და ილიკო ქორეოგრაფიით გადმოსცემდნენ, სოლიკო ჰარმონიულად არგებდა სამოსს.
პერფექციონისტული ჟინი, არ ჯერდებოდა შექმნილს. რადგან მისთვის მთავარი არა კარგის, არამედ საუკეთესოს შექმნა იყო. უნიკალური, ისეთი დიზაინის კოსტიუმის, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, ძირითადად თეთრ აბრეშუმს ყიდულობდა და თავად ღებავდა. ასე იქცა შაბიამნისფერი, წითელი, შავი და ოქროსფერი ქსოვილებით მოხატული სამოსი მის ხელწერად. საგულდაგულოდ მოხატული ფერები, რომლებიც არ მეორდებოდა და სხვადასხვა ტონებში იყო წარმოჩენილი.
მსოფლიო აღიარება
დასმა მალევე მიაღწია წარმატებას. საბჭოთა რეჟიმის პირობებშიც კი, ქართულმა ჟინმა შეძლო ქვეყნის გარეთ გასვლა და მსოფლიო აღიარების მოპოვება. თანაც ისე, რომ ფაქტობრივად არ დარჩენილა დიდი სცენა, სადაც სუხიშვილებს ცეცხლი არ დაუნთიათ. ტრიუმფითა და სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტები გამართეს ათეულობით სცენაზე - მათ შორის, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერასა” და “ლა სკალაში”, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია.
დასის შთამბეჭდავი ქორეოგრაფიისა და გამორჩეულად ჟღერადი მუსიკის ფონზე ცალკე აღფრთოვანებას იწვევდა ვირსალაძის მიერ შექმნილი სამოსი. მისი უნიკალური სტილი არა მხოლოდ მაყურებელს, ბევრ ცნობილ ხელოვანსაც აღაფრთოვანებდა, მათ შორის, სალვადორ დალის. სპეციალურად სუხიშვილებისთვის შექმნილი ვირსალაძის სამოსი კი შთაგონების წყარო გამხდარა თვით ივ სენ ლორანისთვის. მის კოლექციაში დღესაც პოპულარულია ბაფთად შეკრული ჭრელი ქამრები, რომელიც ქართული საცეკვაო კოსტიუმების უნიკალური მახასიათებელია.
ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ქართველი მაყურებელიც შეეგუა იმ დროისთვის თამამ ქორეოგრაფიასა და ფერად კოსტიუმებს. თუ დასაწყისში საზოგადოება სიფერადეს, მოძრაობის თავისუფლებას და ქალის უფრო გაბედულ გამოსახვას ეჭვით უყურებდა, მალევე მიხვდა, რომ ეს ცვლილებები არათუ ანგრევდა ტრადიციას, არამედ ახალი სიცოცხლით ავსებდა მას. ასე იქცა სუხიშვილების სცენა არა მხოლოდ ქართული ცეკვის, არამედ მთელი ეროვნული კულტურის სიმბოლოდ, ხოლო ვირსალაძის კოსტიუმები ამ სიმბოლოს განუყოფელ ნაწილად.
ვირსალაძის შემოქმედება თანამედროვე ქორეოგრაფიაში
სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებთან ერთად ერთად, დასი თანაბრად ირგებს ნინო სუხიშვილის დიზაინით შექმნილ გამორჩეულად მსუბუქ, ჭრელ და ჰაეროვან სამოსს.
როგორც ნაციონალური ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი ამბობს:
“როდესაც კოსტიუმს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოცეკვავეს კი არა ცეკვას ჩავაცვა.“
თანამედროვეობაში ვირსალაძის ფერები და სტილი ტრანსფორმირდა მინიმალისტურ, კომფორტულ და ემოციურად გაჯერებულ სამოსად, რომელიც ზუსტად მიყვება ქალის სილუეტს და გამოკვეთს მოცეკვავის ფორმებს. ბუნებრივია სუხიშვილების კიდევ მრავალი თაობა მოირგებს სოლიკო ვირსალაძის შთაგონებით შექმნილ სამოსს. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ ჟინი აღწევს იმ მიზნებს, რომლებიც თავდაპირველად წარმოუდგენლად გვგონია, ქმნის ისტორიას და უბიძგებს მომავალს, რომ არ გაჩერდეს.
სწორედ ამიტომ სუხიშვილების თანამოაზრე, მთავარი გულშემატკივარი და სპონსორი საქართველოს ბანკი, მუდმივად გვერდით უდგას დასს და მხარს უჭერს მათ ახალ წამოწყებებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი“ გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.