საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრები გამართეს.
ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკისა და Savvy-ს მიერ წინასწარ ორგანიზებულ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებში პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთანავე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველო გამოფენაზე 2 პავილიონით და 26 ქართული კომპანიით იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ წარედგინათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო შემსყიდველებისთვის, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და გაეფართოებინათ პარტნიორული ქსელი, რაც ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციისთვის, Gulfood Dubai მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და შემსყიდველებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა ყოველწლიურად იმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, მოიძიონ ახალი პარტნიორები და გაეცნონ საბაზრო ტენდენციებს.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესებს არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ, არამედ მათთვის რეალური განვითარების შესაძლებლობები შევქმნათ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა Gulfood Dubai, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის ზრდაში, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აგრობიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვახტანგ სილაგაძემ.
„Gulfood 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენი პროდუქციის სწორი აუდიტორიისთვის წარდგენა, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“. - განაცხადა ვლადიმერ სავანელმა, სავანელი ჯგუფის დამფუძნებელმა.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.