საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით კომპანია „თბილტარამ“ მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ლითონის ბადეების საწარმო გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია.
“თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“ - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
სხვა სიახლეები
20 ნოემბერს გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია
12.11.2026.20:53
2026 წლის 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და გააერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.
გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.
კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმარი ტერესა მორეირა - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.
20 ნოემბერს, პანელური დისკუსიის - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ - ფარგლებში, გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძე - GCCA-ის თავმჯდომარე და ნატალია ჭყოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი წარადგენენ. აღნიშნული პანელის მონაწილეა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი აბაშიშვილი - Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებასა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ გასულ, 2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა.
კონფერენციის დღის წესრიგისა და მომხსენებლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge.