საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი “პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. ღონისძიება 13 ოქტომბერს ჩატარდება და მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:
• როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;
• როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;
• რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;
• როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;
• როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;
• რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.
ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
სხვა სიახლეები
07.10.2025.14:00
„მარაქა“ არის კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ამზადებს მრავალფეროვან ტკბილეულს. მეტი ინფორამციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს მაია მუჩიაშვილს ესაუბრა.
„საქმიანობა 2022 წელს დავიწყე, USAID ქალთა გაძლიერების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანიის სახელწოდების ინსპირაციაც ამ პროექტმა მომცა.
სიტყვა "მარაქა" - ს განმარტება გახლავთ - ქალთა გაერთიანება ლხინში და მე, როგორც ქალთა გაძლიერების პროგრამის მონაწილემ ჩემი კომპანიის სახელად ეს სიტყვა შევარჩიე. შემდგომ უკვე პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს ლოზუნგად დამკვიდრდა ფრაზა „ჯანსაღი ცხოვრების ტკბილი გემო" “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„მარაქას“ ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს.
„ჩემი წარმოება მოიცავს ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულს, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო ვეგანურ ხაზს, ჯანსაღ სნექებს, პროტეინ ბარებს, სადღესასწაულო ტორტებსა და ნამცხვრებს.
ტკბილეული და კარგი დესერტი ყველას უყვარს, ამიტომ განურჩევლად ყველას, მიუხედავად ზოგიერთი კვებითი შეზღუდვებისა თუ ჩვევებისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა მიირთვას გემრიელი და ჯანსაღი ტკბილეული. ჯერჯერობით მცირე წარმოება მაქვს, გაყიდვებით მხოლოდ ონლაინ შემოვიფარგლები. საქმიანობაში მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ ჩართულნი.
საკმაოდ დიდია გამოწვევები, უმთავრესად ფინანსების მხრივ და კარგი იქნება თუ უფრო მეტი პროექტი და გრანტი იქნება „მარაქას“ მსგავსი ბიზნესების წასახალისებლად “, - აცხადებს მაია მუჩიაშვილი.
კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმოებაში ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებაა.
„დღესდღეობით მზარდია მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე, უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანურ ტკბილეულზე. ვფიქრობ ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ვინაიდან, მსგავსი ტიპის საკვებზე მოთხოვნა მხოლოდ „ტრენდი“ არ არის, არამედ ხშირ შემთხვევაში საჭიროებაა.
ჩვენს კონკურენტუნარობას ისიც ჰმატებს ფასს, რომ წარმოებაში მაქსიმალურად ვიყენებთ ადგილობრივი წარმოების ნედლეულს. ვთანამშრომლობთ ქართველ ფერმერებთან “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
„მარაქა“ სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვინაიდან მსგავსი ტიპის ტკბილეულის წარმოება და შემდგომ სარეალიზაციო ფასი შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ტკბილეულის, ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს წარმოებაში დაგვემატება პატარა სადღესასწაულო ტორტები, ე.წ. ბენტო ტორტები, რათქმა უნდა უშაქრო, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანური.
ახალ წელს შევხვდებით ჩვენი ჯანჯაფილის ორცხობილებით. აქამდე მხოლოდ ხელით მოხატული ვერსიები გვქონდა. ახლა უკვე გვექნება შესაბამისი პრინტერი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ორცხობილებზე და ბენტო ტორტზე დავიტანოთ სასურველი ნახატი, რომელიც იქნება უშაქრო, უგლუტენო, ვეგანური, აგრეთვე ქაშერული და ჰალალი, ვინაიდან პრინტერს, რომელიც მსოფლიო პროექტების ორგანიზაციის გრანტის მოპოვების შემდგომ შევიძინეთ გააჩნია აღნიშნული სერტიფიკატი.
სამომავლო გეგმებში გვაქვს ჩვენი ჯანსაღი სნექების დაბრენდვა და სპორტ დარბაზებში, სასკოლო კვების სივრცეებში, კაფეებში, დრაივ მარკეტებში შეტანა.
ცნობისთვის, პროდუქტი მზადდება შეკვეთის საფუძველზე. საჭიროა დაკავშირება მინიმუმ ორი დღით ადრე მოხდეს.