საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდევ 60-ზე მეტმა ქალმა აიმაღლა კვალიფიკაცია, რითაც შესაძლებლობა მიეცათ, გაძლიერდნენ როგორც ლიდერები და კიდევ უფრო ეფექტიანად მართონ ან წამოიწყონ საკუთარი ბიზნესები. ჯამში პროგრამის მონაწილეთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია, მიმდინარეობს და მასში ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.
პროგრამის ფარგლებში ვორკშოპები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში ჩატარდა. მონაწილეებმა ექსპერტებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ფინანსების ეფექტიანად დაგეგმვის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიებისა და რესურსების უკეთ გამოყენების მიმართულებებით. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, მიეღოთ კვალიფიციური რეკომენდაციები, გაცნობოდნენ დაფინანსების მიღების მეთოდებს და გაეფართოებინათ საკუთარი პროფესიული ქსელი.
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა უკვე სამასამდე ქალისთვის იქცა პლატფორმად, სადაც ისინი თეორიულ ცოდნასა და რეკომენდაციებს იღებენ. ესაა მრავალმხრივი პროგრამა, რომელიც ქალებს იდეის განხორციელებიდან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებამდე -სრულყოფილ მხარდაჭერას უწევს და ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება. პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ ჩართულობასაც, რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმე ქალებს, შეიძინონ ახალი უნარები და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა”, - ამბობს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის სპეციალური საკრედიტო პროგრამების ხელმძღვანელი.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.