საქართველოს ბანკის 5 პროექტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალის- ADCE Awards 2025-ის შორთლისტშია
საქართველოს ბანკმა პარტნიორ სააგენტოებთან ერთად კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალის- Art Directors Club of Europe (ADCE) Awards 2025 - შორთლისტში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალზე საქართველომ 14 შორთლისტით რეკორდი დაამყარა და 24 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
შორთლისტის სია კი ასე გამოიყურება:
1. Kupata’s Legacy –კატეგორია: ბრენდის გამოცდილება;
2. Independence: First person experience | Supermarket - კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ბრენდული კამპანია;
3. Blood Bank of Georgia | Windfor’s – კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება;
4. Once You See It, You Can’t Unsee It | Windfor’s- კატეგორია: ინტეგრირებული და ინოვაციური ბრენდული კამპანია;
5. Iveria – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოცემა – კატეგორია: გარე პრინტი/ბეჭდური რეკლამა.
ინფორმაციისთვის, ADCE-ის ჯილდოები მსოფლიოში ერთადერთი დაჯილდოების სისტემაა, რომელიც ევროპის საუკეთესო დიზაინისა და რეკლამის ჯილდოს მფლობელ ნამუშევრებს ერთ კონკურსში აერთიანებს.
ADCE-ის ჯილდოები ექსკლუზიურად მხოლოდ იმ საუკეთესო ნამუშევრებისთვისაა, რომლებმაც ეროვნული აღიარება მოიპოვეს, რაც უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო ცნობადობას და პოპულარიზაციას.
ADCE Awards-ის გამარჯვებულები 21 ნოემბერს ბარსელონაში გამოვლინდებიან.
სრული შორთლისტის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: adceurope.awardhub.org/finalists/
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
სხვა სიახლეები
სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე არის დაინტერესება გალფის ქვეყნებიდან - „ანიგოზი“
03.11.2025.10:00
ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო Anigozi • ანიგოზი, რომელიც კაკალს აწვდის როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე გააქვს ექსპორტზე. კომპანიამ გრძელვადიანი კონტრაქტორებისთვის ნედლეულის მიწოდება უკვე დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა განაცხადა, წელს ქვეყანაში ნიგვზის მოსავალი ერთგვაროვანი არ არის, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
„წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით რაოდენობების შეჯამება ჯერჯერობით გამიჭირდება, რადგან არიან რეგიონები, რომლებიც დაზარალდნენ ყინვების გამო. კაკალს, ისევე როგორც სხვა კულტურას, ყინვა გარკვეულ ზარალს აყენებს. კახეთის რეგიონში ეს პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლები სტაბილური არ არის. თუ წინა წლებში მოსავალი შედარებით სტაბილური იყო და ხარისხიც ერთგვაროვანი, წელს განსხვავებული ხარისხის ნედლეული გვხვდება როგორც რეგიონების, ისე ჯიშების მიხედვით. მიჭირს თქმა, რითაა ეს გამოწვეული, თუმცა, ალბათ, უფრო ფერმერების მხრიდან დაშვებული შეცდომებით კაკლის მოვლასთან დაკავშირებით. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მარტივი წელი ნამდვილად არ ყოფილა,“ - ამბობს ანა ქევხიშვილი.
ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოში წარმოებული ნიგოზი მოთხოვნადი იყო ევროკავშირის ბაზარზეც, თუმცა წელს ეს ინტერესი ნაკლებად შეინიშნება.
„ფასებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით წლევანდელი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. შარშან მსოფლიოს ორ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში დაფიქსირდა მოსავლის შემცირება - საუბარია დაახლოებით 30%-იან კლებაზე. ჩილეს მოსავლიანობა შემცირდა, ასევე - აშშ-საც. ამან გლობალურ ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია, განსაკუთრებით ევროპის ბაზარზე, და ამიტომ დიდი მოთხოვნა იყო ჩანდლერის ჯიშის კაკალზე. საქართველოში კომერციული ბაღების 90-95% სწორედ ჩანდლერის ჯიშს წარმოადგენს. შარშანდელი წელი იყო კარგი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში აქტიური ექსპორტი დაგვეწყო. წელს კი ევროპიდან ისეთი დაინტერესება აღარ ფიქსირდება, როგორც შარშან. ახლა განსხვავებული მდგომარეობაა - მოსავლიანობის რეგულარულ მაჩვენებლებს დაუბრუნდნენ როგორც ჩილე, ისე აშშ. მათ ჯერ არ დაუსრულებიათ მოსავლის აღება, პროცესი გრძელდება, თუმცა ევროპაში ამერიკული კაკალი უკვე აქტიურად დაკონტრაქტებულია. ამიტომ ჩვენთვის ევროპის ბაზარზე მდგომარეობა აღარ არის ისეთი, როგორიც გასულ წელს იყო,“ - აცხადებს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.
ანა ქევხიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ქართული კაკალი ევროპული ბაზრისთვის მიმზიდველი აღარ არის, კომპანია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე.
„თუმცა გვაქვს ალტერნატიული ბაზრები - ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ჩანდლერის ჯიშის კაკალს, რომელიც კომერციულად ყველაზე საინტერესოა აქვს კარგი ხარისხობრივი და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ვცდილობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებას. მათ შორისაა ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ორიენტირებულები არიან სწორედ იმ მაღალი კატეგორიის და ხარისხის ნედლეულზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. „ანიგოზმა“ მიმდინარე თვიდან უკვე დაიწყო გატანა მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასევე არის დაინტერესება გალფის ქვეყნებიდან.
ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის კვლავ საინტერესო და მოთხოვნად ბაზრად რჩება. ოქტომბრის ბოლოს ვართ და უკვე აქტიური ტეხვები გვაქვს - ნიგვზის გულის წარმოება დაწყებულია და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ჩვენი ფოკუსია. ასევე, გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში, ვახორციელებთ ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში. სხვა ბაზრებთან დივერსიფიცირებას ნოემბრიდან დავიწყებთ, როცა შეიქმნება მარაგები, მოსავლის აღებაც დასრულდება და ყველას უკვე ექნება მზა, მშრალი ნედლეული. ამის შემდეგ გაჩნდება თავისუფალი რაოდენობები, რათა ადგილობრივ ბაზართან ერთად დავამატოთ საექსპორტო მიმართულებებიც,“ - აღნიშნავს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ანიგოზი“ ახალგაზრდა ოჯახის მიერ შექმნილი ბიზნესია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს კაკლის ბაღების გაშენებასა და მოვლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საწარმოს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, ხოლო პირველი მოსავალი 2021 წელს გადამუშავდა.
„ანიგოზი“ ერთ-ერთი პირველი მაღალი წარმადობის კაკლის გადამამუშავებელი საწარმოა საქართველოში, რომელმაც პირველად შესთავაზა ფერმერებს მათი ნედლეულის გადამუშავება ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ტექნოლოგიით. საწარმო იბარებს ნედლეულს მოსავლის აღებიდან 48 საათის განმავლობაში, რათა გადამუშავებული პროდუქტი იყოს უმაღლესი ორგანოლეპტიკური და ვიზუალური თვისებების მქონე.
„ანიგოზის“ გუნდი აკონტროლებს წარმოების სრულ ჯაჭვს - ბაღიდან საბოლოო მომხმარებლამდე. წარმოების პროცესში კომპანია იცავს ყველა საერთაშორისო სურსათის უვნებლობის მოთხოვნას, რომელიც გათვალისწინებულია უმაღლესი სტანდარტებით.