საქართველოს ბანკი — AI ინოვაციების მხარდამჭერი
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება. AI-ის შესაძლებლობების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს. თუმცა, მისი წარმატებული დანერგვა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებას არ მოიცავს — ის სტრატეგიულ ხედვას, მრავალმხრივ ცოდნასა და მის გარშემო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს.
სწორედ ასე აღიქვამს ხელოვნურ ინტელექტს საქართველოს ბანკი, რომელიც ამ სფეროში არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, არამედ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი და IT დირექტორი, (Core IT & Data), ვაჟა მანტუა გვიამბობენ, როგორ იქცა ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პიონერად საქართველოში და რეგიონში.
AI, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი
„ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს ბანკში სტრატეგიული პრიორიტეტია“, — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი — „ჩვენი გუნდი AI გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაზე ათ წელზე მეტია, მუშაობს და ამ გზაზე კონკრეტულ პრინციპებს მივყვებით, ესენია: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ინოვაციების წახალისება და მუდმივი ექსპერიმენტირება“.
ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აერთიანებს 80-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც ბიზნესმიმართულებებთან თანამშრომლობით AI-ს პრაქტიკულ გამოყენებას უწყობენ ხელს. წარმატების გასაზომად კი იყენებენ როგორც ტექნიკურ, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ მეტრიკებს, როგორებიცაა მომხმარებლის კმაყოფილება, მომსახურების სისწრაფე და პერსონალიზაციის ხარისხი. ამავდროულად, მკაცრად მიჰყვებიან ეთიკური AI-ის პრინციპებს — ზრუნავენ მონაცემთა უსაფრთხოებასა და პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე.
ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი, აღნიშნავს, რომ AI თანამედროვე საბანკო სფეროში მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ძალად იქცა.
„ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდა, როგორიც თავის დროზე პერსონალური კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი იყო. მომავალი კი მისი დახმარებით კიდევ უფრო შეიცვლება“.
ვაჟა მიიჩნევს, რომ საბანკო სფერო, განსაკუთრებით საქართველოში, ძალიან ტექნოლოგიურია და პრაქტიკულად, პირველია, ვინც ინოვაციებსა და სიახლეებს, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით ნერგავს. თუმცა, მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება არა მარტო საუკეთესო გამოცდილების შექმნა, არამედ მომხმარებელთან საუკეთესო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
„ჩვენი ხედვა სწორედ ისაა, ვიყოთ ტექნოლოგიურად ინოვაციური და ამავე დროს — ყოველდღიურად ახლოს ჩვენს მომხმარებლებთან“, — ამბობს ის. „AI ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიული არეალია, მის გარეშე შიდა პროცესების და გარე სერვისების განვითარება წარმოუდგენელია“.
AI უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკი ხელოვნურ ინტელექტს პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის იყენებს.
„დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მობილბანკში პერსონალიზებულ საბანკო პროდუქტების შეთავაზებებსა და პარტნიორი კომპანიების ფასდაკლებებს ვაწვდით მომხმარებლებს. ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას როგორც პროდუქტების მოხმარებაში, ისე კმაყოფილებაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის ეს სერვისი მართლაც ღირებულია“, — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით ავტომატურ დაკრედიტებას ავითარებს. ამით შესაძლებელი ხდება კრედიტის განაცხადების ავტომატური დამუშავება და გადაწყვეტილების მიღება. შედეგად, აპლიკაციები დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მუშავდება, თანხის გაცემის დრო კი დღეებიდან 3 წუთზე ჩამოვიდა.
„აღვნიშნავ ჩვენს AI ჩეთბოტსაც, რომელიც მობილბანკშია ჩაშენებული და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ პასუხები საბანკო კითხვებზე ან გადაჭრან ყოველდღიური საბანკო საკითხები ფილიალში მისვლის გარეშე”.
AI დღეს უკვე მრავალფეროვან როლს ასრულებს ბანკის ინფრასტრუქტურაში. ვაჟა მანტუა აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აქტიურად იყენებს AI შესაძლებლობებს როგორც უსაფრთხოების, ისე პროცესების მონიტორინგის, ანალიზისა და ავტომატიზაციისთვის.
„დღეს უკვე შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, რომელ სერვისს შეიძლება გაუჩნდეს გამოწვევა და მოვახდინოთ პრევენცია მანამ, სანამ მომხმარებელი პრობლემას იგრძნობს“, — ამბობს ვაჟა მანტუა.
გუნდების გაძლიერება
საქართველოს ბანკის შიდა ცოდნის ბაზის (Knowledge Base) განვითარება ერთ-ერთი მიმართულებაა, რაშიც AI-ის შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება.
„ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენივე თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტი და ყველა პირობა, რომ მათ მარტივად შეძლონ ყველა კითხვაზე პასუხის მალევე მიღება. ჩატი დაეხმარება და მენტორინგს გაუკეთებს ყველა პროცესში, რაც მნიშვნელოვან დროს დააზოგინებს გუნდებს. LLM მოდელები გვაძლევს შესაძლებლობას, ფაქტობრივად, გვყავდეს პერსონალური ასისტენტები, რომლებსაც პასუხი ყველა კითხვაზე ექნება. ჩვენ დავიწყეთ LLM მოდელების გამოყენება კოდის გადახედვის, კოდირების, დოკუმენტაციისა და ტესტირების პროცესებში. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს მარკეტზე პროდუქტის გატანის დროს და ზრდის ხარისხს“, — ამბობს მანტუა.
ორგანიზაციაში აქტუალურია რობოტიკ ტექნოლოგიების გამოყენებაც კოდების განახლებისა და პროცესების ავტომატიაცია-გადაწერაში. ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზეც (GenAI), რომელიც როგორც შიდა, ისე გარე სერვისებში კრიტიკულ როლს შეასრულებს.
ბანკში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლების კომპეტენციების განვითარებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც, მიხეილ ნადარეიშვილის თქმით, პირდაპირ აისახება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.
„სპეციალურად შევქმენით გენერაციული AI ტექნოლოგიების ათვისების პროგრამა, რომელიც თანამშრომლებს აძლევს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უახლესი AI რევოლუციის შედეგად შექმნილი შესაძლებლობები საკუთარი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოიყენონ. ამ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლები სწავლობენ GenAI ხელსაწყოებთან მუშაობას, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და პროცესებს აჩქარებენ“.
ბანკი, როგორც ცოდნის გამავრცელებელი
საქართველოს ბანკი ცდილობს, იყოს არა მხოლოდ მომხმარებელზე ორიენტირებული ინსტიტუტი, არამედ ცოდნის გამავრცელებელი და მოტივატორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის.
„ჩვენი თანამშრომლები უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კურსებს საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ატარებენ სემინარებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებაზე“ — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი — „მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატება გადაჯაჭვულია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც დარგის განვითარებასთან“, — დასძენს ის.
მიხეილ ნადარეიშვილი აღნიშნავს რომ საქართველოს ბანკის მოწინავე ტექნოლოგიურ პოზიციებზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის ჯილდოც. 2024 წელს საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.
„ჩვენ გვწამს და გვამოძრავებს ამბიცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა გვაქვს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაში და სხვა ბევრი ორგანიზაციისთვის სამაგალითო ვართ. აღიარება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური აპლიკაცია გვაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. საქართველოს ბანკში ვიცით, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ არ ვჩერდებით და ვიცით რომ გზა არგაჩერებისკენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადის“, — ამბობს ვაჟა მანტუა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.20:23
ბუნების დაბადება, გაზაფხულის ფერები, ამინდისა და განწყობის ცვლილება - ამ კომპონენტების გაერთიანება, აღბეჭდვა და მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოგადაღების მიზანი, რომელმაც ბრენდის ავტომობილები ბუნებაში, განსხვავებულ და კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა.
ფოტოები „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შეიქმნა. გადაღება ქალაქგარეთ დაიგეგმა, სადაც პეიზაჟი „მაზდას“ იაპონურ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა. ფოტოებზე ასახულია ავტომობილები - CX60 და Mazda 3 ჰეჩბეკი, რომელთა განსხვავებული სტილი და ფერი ეფექტურად პასუხობს ჩანაფიქრს. ნამუშევრები ფირითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ფოტოებს.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „თავისუფლების შეგრძნება გაზაფხულის მშვიდ დღეს - ალბათ ესაა განწყობა, რომელსაც ნამუშევრები აჩენს. აქ ავტომობილი მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ის ლანდშაფტის, შეგრძნებების ნაწილად იქცა. ჩვენი მიზანი იყო, დამთვალიერებელს ეგრძნო ჰარმონიული კავშირი ავტომობილებსა და ბუნებას შორის; მიზნის მიღწევაში რამდენიმე კომპონენტი დაგვეხმარა: გაზაფხულის ფერები, მზე, ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობა, ნისლი, ტყე, ყვავილებიანი მინდორი...
მარიამ სიჭინავას ნამუშევრები გამორჩეულია სწორედ ბუნებისა და ადამიანის არაჩვეულებრივი სინთეზით. გვსურდა, რომ ამ ჰარმონიულ კავშირში ავტომობილებიც ჩაგვერთო. ვფიქრობ, შთამბეჭდავი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ფოტოების ეფექტს განსაკუთრებით აძლიერებს ფირი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს სეზონის ესთეტიკას და საშუალებას გაძლევს, რეალობა ზედმეტი ჩარევების გარეშე აღბეჭდო“.
ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ გაზაფხული მისთვის ახალი ჰაერის, რბილი ნათების, პასტელური ფერების, ნისლისა და მზის ერთობლიობაა. სწორედ ამ კომპონენტების ასახვა სურდა ფოტოსესიაში. გადაღებისთვის მოდელი თაკო კოსტავა შეირჩა. არჩევანი იდეის ავტორებმა მისი განსაკუთრებული, სახასიათო ვიზუალის გამო გააკეთეს.
მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ თანამშრომლობა განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. გუნდისგან სრული ნდობა, თავისუფლება და მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. გაზაფხულის ფოტოსესიის დროს ჩვენი ამოცანა იყო, ავტომობილი წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ როგორც პერსონაჟი, რომელიც მოგზაურობს კინემატოგრაფიულ სამყაროში. ამ მიზნით „მაზდას“ თანამედროვე დიზაინის ავტომობილები გადავიღეთ მისტიკურ გარემოში, ნისლში, ცივი და თბილი ფერების ცვალებადობით. გადაღების დღეს რამდენჯერმე იწვიმა. დღის გარკვეულ მონაკვეთში მზე იყო, შემდეგ - ნისლი. რეალურად ამინდის რადიკალურმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო - გვქონოდა რამდენიმე განწყობა. შედეგი დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ჩემთვის ამ ფოტოებს სიმშვიდისა და იდუმალების შერწყმული განწყობა მოაქვს. თითოეული ფოტო თითქოს კინოკადრია“.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღებას ყველა სეზონზე გეგმავს. მალე იაპონური ბრენდისა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შექმნილ ახალ ნამუშევრებს ვიხილავთ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.