საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას - ირაკლი კობახიძე
კორპორატიული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს, ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მომწიფებულ ეკოსისტემაზე მეტყველებს, სადაც ქართული ბიზნესსუბიექტები მზად არიან კონკურენციისთვის, ხოლო გლობალური ინვესტორები - პარტნიორობისთვის.
„ამავდროულად, ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და კაპიტალის მნიშვნელოვანი დაგროვება მოხდა ქვეყანაში, მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა 9 მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. პარალელურად, ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაფინანსების ინსტრუმენტების გაფართოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობაზე. ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი ღონისძიება გახლავთ ჩვენს რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე დიდი და გავლენიანი კონფერენცია. ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს ვუდასტურებ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ჩვენ მათ არა მხოლოდ ბაზარს ვთავაზობთ, არამედ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით. მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების იდეის ერთგულნი. ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე თქვენს საინვესტიციო მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაჟღერებული მოსაზრებები პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ხანგრძლივ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ყველას გისურვებთ პროდუქტიულ, არსებითი ინფორმაციით დატვირთულ და წარმატებულ კონფერენციას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
24.03.2026.16:46
მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 27 მარტამდე გაგრძელდება.
პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის, მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის.
ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება.
ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
28 მარტი
თბილისი: ისანი - სკოლა შავნაბადა; დიდი დიღომი - სკოლა ინტელექტი
რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ფოთი; ლანჩხუთი; ბათუმი; ამბროლაური.
29 მარტი
თბილისი: საბურთალო - მაღლივის ბიბლიოთეკა; ნახალოვკა - კერძო სკოლა ლამპარი
ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე.
რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.