საქართველო Eagle Hills-ის $6.6 მილიარდიან პროექტში 33%-იანი წილის თანამესაკუთრე გახდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც, "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია, საკუთარი მოცულობით რეკორდულია საქართველოს ისტორიაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.