საოჯახო სასტუმრო „თირები“ ფართოვდება
ვარძიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „თირები“, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გამართულ „გემო ფესტში“ მონაწილეობდა, ფესტივალის ფარგლებში არსებული გაყიდვებით კმაყოფილია. როგორც „თირების“ დამფუძნებელი მარინა ტაბატაძე აცხადებს, „გემო ფესტში“ მონაწილეობა ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის მიიღო და მისი მიზანი იყო, მესხური ხალვა უფრო მეტს დაეგემოვნებინა და ფესტივალის ფარგლებში მისი პოპულარიზაცია მომხდარიყო.
გარდა მესხური ხალვისა, „გემო ფესტზე“ „თირების“ მიერ წარმოდგენილ მენიუში იყო: მაკარლამა ყველით, მაკარლამა გამომშრალი ხორცით, მესხური ყაურმა.
„გემო ფესტში მონაწილეობის მიზანი იყო ჩვენი კულინარიის პოპულარიზაცია. ფესტივალზე გამოვიტანე ჩემი რეცეპტით მომზადებული მესხური ხალვა. ძალიან მინდა, რომ ამ პროდუქტის პოპულარიზაცია გავაკეთო და შემდეგში უფრო მეტი ვაწარმოო. ჩვენი ნაწარმი დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისგან, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თანაც უშაქროდ მზადდება,“ - აღნიშნავს მარინა ტაბატაძე.
საოჯახო სასტუმრო „თირები“ ვარძიის გზაზე, ტბის გვერდით მდებარეობს და მისი ლოკაციის მიხედვით ბევრ ტურისტს იზიდავს.
„თირები“ ვარძიასთან ახლოს, სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის გრანტის საშუალებით ავაშენეთ. მათი დაფინანსება 10 ათას დოლარს შეადგენდა და ავაშენეთ საოჯახო სასტუმრო, რომელსაც დავარქვით „თირები“. ჩვენთან არის გამომწვარი თიხის მიწა, რომელსაც თირს ეძახიან. ადრე ამ მიწით თმებსაც იბანდნენ და სარეცხსაც რეცხავდნენ. სწორედ ამ ადგილთან ახლოს ვცხოვრობთ და დავარქვით ეს სახელი.
თმოგვის ციხის ძირში მაქვს აგროტურისტული მიმართულება, სადაც ჩემი ფერმა მაქვს - საქონელი და ცხენები მყავს. ამ ცხენებით აქტიურად ვემსახურებით ტურისტებს. ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ტურებს და სუფთა, ნატურალურ პროდუქტებსაც ვთავაზობთ.
რეალურად გვაქვს გესთჰაუსი და ფარმჰაუსი. გესთჰაუსში 10 სასტუმრო ნომერი მაქვს და ერთდროულად 30 სტუმრის მიღება შეგვიძლია, ხოლო მეორე სასტუმრო უკვე 7 ნომერზეა გათვლილი,“ — აცხადებს „თირების“ მეპატრონე.
სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. „თირებს“ აქტიურად სტუმრობენ ჯგუფები პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„თირები“ სამომავლოდ გაფართოებას აპირებს, თუმცა მანამდე სასტუმროს თანამდევ ინფრასტრუქტურას ავითარებს. „თირები“ 2026 წელს სტუმრებს საკუთარ მარანშიც მიიღებს და ასევე - მესხური ფურნის სახლშიც.
„გაფართოებას ვაპირებ. ჩვენი ხორბალი მოგვყავს და მესხური სამზარეულოს მასტერკლასებს ვატარებთ. ჩეჩილ ყველს ვამზადებთ. ჩვენი მასტერკლასებით აქტიურად ინტერესდებიან სტუმრები ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან. ნელ-ნელა ვამატებთ ინფრასტრუქტურას - მარნის მშენებლობა მალე დასრულდება. ვაშენებთ მესხური ფურნის სახლსაც. გვინდა, რომ ჩვენთან მოსულ სტუმარს ბევრი სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ,“ - აცხადებს „თირების“ მეპატრონე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.16:00
სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.
როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია.
„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს.
„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ.
წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც.
„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს.
„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი.
„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება.
დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.